მიხეილ სააკაშვილი: მე და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტელეფონით ვისაუბრეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და მას მოქალაქეობის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

“პრეზიდენტ ზელენსკის ტელეფონით მართლაც ვესაუბრე. მას მოქალაქეობის აღდგენისთვის მადლობა გადავუხადე და წარმატებები ვუსურვე. ვუთხარი, რომ მისთვის რაიმე თანამდებობის დაკავების თხოვნას არ ვაპირებ, მაგრამ მზად ვარ, რჩევები მივცე, ოფიციალური თანამდებობის დაკავების გარეშე. კომუნიკაციისას ის ძალიან უბრალო და მეგობრული ადამიანია”,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

5 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ამ ეტაპზე თანამშრომლობას გამორიცხავს.

“მიხეილ სააკაშვილი კიევშია. მე მას პასპორტი მივეცი. რაც შეეხება თანამშრომლობას, ახლა არა. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ. კანონმდებლობის გამო არ ვფიქრობ”,-აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

იმავე დღესვე, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის პრესსპიკერმა იულია მენდელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭების შესახებ არანაირი ოფიციალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღადგინა სამართლიანობა და მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა. კიევში დაბრუნება სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო. ამ დროისთვის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილისთვის შესათავაზებლად არცერთ ოფიციალურ პოზიციას არ განიხილავს.

ზელენსკის ადმინისტრაცია ღიაა, გამჭვირვალე და მზად ვართ ყველას მოვუსმინოთ. მზად ვართ, მოვისმინოთ სხვადასახვა პოლიტიკური ძალების, მრჩევლების იდეები და ინიციატივები. თუ მიხეილ სააკაშვილს სურს, რაიმე სახის რჩევები მიაწოდოს პრეზიდენტ ზელენსკის, ადმინსტრაცია ამისთვის ღიაა, მაგრამ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ განიხლება მისთვის შესათავაზებელი არცერთი პოზიცია.

სააკაშვილსა და ზელენსკის შორის შემდგარი არშესაძლო შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ექსრადიციას, ახალი ადმინისტრაციის მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა და ამიტომ დაუბრუნა მას მოქალაქეობა. სხვა საკითხები სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გადაწყვიტონ”,-აცხადებს ზელენსკის პრესსპიკერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...