მიხეილ სააკაშვილი: ხალხი მივა არჩევნებზე და ძალიან სტაბილურად აირჩევს ვაშაძეს

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-თან განაცხადა.

“იმ პირობებში როცა ლარი ავარდნილია 2.70-ზე, ჩემ დროს იყო 1.65. როდესაც ქვეყანა დატოვა 750 000-მა ადამიანმა მას შემდეგ, რაც მათ გადავაბარეთ ხელისუფლება. როცა კორუფცია მასობრივად უკან დაბრუნდა. როცა მათი მთავარი დეკლარირებული პროგრამა არის საქართველოს მარიხუანას ნარკოკარტელად გადაქცევა, როცა ხალხი რეალურად დალომბარდებულია მევახშეების მიერ. პური და ფქვილი გამოაქვთ ნისიად მაღაზიებიდან. ამ ყველაფრის ფონზე, როცა არაფერი აქვს სათქმელი, სხვა არაფერი დარჩენიათ, რომ მოუყვნენ ზღაპრები დესტაბილიზაცია-უბედურებაზე.

იგივეს აკეთებდა შევარდნაძე, მართალია არაფრის მაქნისი ვარ, მაგრამ სამაგიეროდ სტაბილურობას მოგიტანთო. რანაირად შეიძლება ჭაობში იყოს სტაბილურობა. ივანიშვილი გვძირავს ჭაობში, ოღონდ ხელ-ფეხი არ გაანძრიოთო. სინამდვილეში ხალხი მივა არჩევნებზე ძალიან სტაბილურად აირჩევს ვაშაძეს. დროა შეეჩვიოს ოლიგარქი, რომ მას ეს ქვეყანა მზითვში კი არ გამოჰყოლია. ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდება დემოკრატიულად, სადაც მთავრობები და პრეზიდენტები იცვლებიან ხალხის ნების მიხედვით და არა იმის მიხედვით, ვინ რამდენი ფული ჩაყარა ხალხის მოტყუებაში.

არ იქნება არანაირი დესტაბილიზაცია და რევანში, არ იქნება არანაირი არეულობა, იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება. იქნება მოღალატე ზურაბიშვილის და ივანიშვილის დამარცხება. გია ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვება და გია ვაშაძე გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

ეს არჩევნები არის ქართული საზოგადოების ღირსების არჩევნები. ივანიშვილმა სცადა ღირსების შელახვა და დამცირება ქართული საზოგადოების, ეს არის არჩევნები ქართული საზოგადოების ღირსების გამოხატვის და ღირსება ყოველთვის დაამარცხებს უღირსებობას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად