მიხეილ სააკაშვილი: იმედი მაქვს არც თქვენ შეეგუებით პუტინის ტყვეობაში ჩემ ყოფნას… მზად ვარ წარვსდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე

იმედი მაქვს არც თქვენ შეეგუებით პუტინის ტყვეობაში ჩემ ყოფნას… მზად ვარ წარვსდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

“მე დავთანხმდი ჩემს მიერ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას.

მე, მიხეილ სააკაშვილი, მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს, მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონოი და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ ქვეყნის განთავისუფლებით და როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა, მერე ვიქნები გარეთ და თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის, ჩავრთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში, სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უიმედობის დასრულებაში.

ახლა მოშვების დრო არ არის, ახლა კონსოლიდაციის დროა. არ შევუშინდეთ არც ზამთარს, არც რეჟიმის მუქარას, არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ. მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა, ბოლოს და ბოლოს რას ვითხოვთ ისეთ, რასაც არ ვიმსახურებთ, ვითხოვთ ვცხოვრობდეთ თავისუფალ არაძალადობრივ ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ არ გვეჭიროს თავი გაქცევაზე, შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს. გვქონდეს მომავალი, როგორც პირადად ასევე მთელ ქვეყანას. როგორც არასდროს ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს მჯერა, რომ ახლა სწორედ გამარჯვების დროა. არცერთი გარიყული ადამიანი, არცერთი დაკარგული წამი, არცერთი ნაბიჯი უკან”, – წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

კომენტარები
იტვირთება...