მიხეილ სააკაშვილი „ენმ-ს“: ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო გაუგებარი გირაოს გარეშე, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში Facebook ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, გაუგებარი გიაროს გარეშე უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს. რადგან ის იმყოფება იქ უკანონოდ და უდანაშაულოდ. მაგრამ მას შემდეგ, რაც დატოვებს საპატიმროს ამ პირობებით, მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, რადგან აქ არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ამ რეფერენდუმის წინ საქართველოში ჩამოვა და ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობასთან“ ერთად იქნება“.

„შემოდგომაზე იქნება რეფერენდუმი. ჩვენ უნდა მოვიგოთ ის ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად, გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიის ფარგლებში, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი, ქმედურიანები, მობილიზებული. მეც ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად. რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის თუ თავისუფლებისთვის, აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი. მინდა, ყველას მოგიწოდოთ ერთიანობისკენ, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები. ქართველი ხალხის გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება, რა თქმა უნდა, მეც ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით. ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...