მიხეილ სააკაშვილი: ჩემ როლს ვხედავ, როგორც გარდამავლი მთავრობის ხელმძღვანელს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთო სიის დაკომპლექტება ევროპულ საქართველოს ცალკე შესთავაზეს, თუმცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი მიიღო. 

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტვ “პირველის” კითხვის  პასუხად განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამის გარდა, საერთო სიის იდეა შესთავაზა ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, თუმცა მათგანაც უარი მიიღო.

“მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრედ. თავიდან ჩემი შეთავაზება იყო ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია და აერჩია პრემიერობის კანდიდატი. რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე.

მეორე იყო ჩვენი შეთავაზება “ევროპულ საქართველოსთან”, რომ საწყისებზე თანაბრად დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ და პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც მათ მიერ იქნა უარყოფილი.

ახლა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა თავისი სია და დამასახელა მე პრემიერობის კანდიდატად და დარწმუნებული ვარ, ამ გაერთიანებას აქვს სრული პოტენციალი, აიღოს უმრავლესობა საქართველოს მომავალ პარლამენტში და შემდეგ, ძალიან ფართო საზოგადოების წარმომადგენლობით დააკომპლექტოს საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც დაეფუძნება პრინციპს: ყოველგვარი ძველი წყენები უნდა გადაიდოს გვერდზე, რევანშზე საერთოდ არავინ არ უნდა იფიქროს. უნდა ვიფიქროთ ქვეყნის აღმშენებლობაზე, წინსვლასა და განვითარებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში. მე ჩემ როლს ვხედავ, როგორც გარდამავლი მთავრობის ხელმძღვანელს იმაში, რომ ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან, დავასტაბილუროთ, ჩამოვაყალიბოთ თამაშის ახალი წესები და გადავცეთ ხელისუფლება ქართველი მოღვაწეების ახალ თაობას და ეს ზუსტად ასე იქნება. არავის არაფერი არ უნდა გვეწყინოს, უნდა გვიხაროედეს მხოლოდ ერთი – ჩვენი ქვეყნის წარმატება, არა ჩვენი ადგილი სად იქნება, არამედ, სად იქნება ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც გამოვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.

შეგახსნებთ, “ევროპულმა საქართველომ” გაავრცელა განცხადება, სადაც სიცრუეს უწოდებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა მათ შესთავაზა საერთო პარტიული სია მასში პარტიული კვოტებით და თანამდებობებით და რომ თითქოს მიდიოდა ფარული მოლაპარაკებები.

მათი თქმით, საერთო სიის იდეა თავიდანვე უარყვეს საჯაროდ, რადგან ერთიანი სიის გაკეთება იქნებოდა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის დაბნევა და შემცირება და არა მობილიზება და გაზრდა.

ივნისში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, ყველა ჯგუფი ერთიან სიაში გაერთიანდეს. ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის ერთიანობის “ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად