მიხეილ სააკაშვილი: ჩემ დროს ძალიან ბევრი ქართული ტრადიცია აღდგა

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, რომელიც მის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება.

“მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ კამათზე, რაც არის ტრადიციულ ქართველობასა და ფასეულობებზე. ტრადიციულობა და ქართული ღირებულებების პატივისცემა ეს იყო ყოველთვის ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ვიღაცები ამბობენ, რომ სააკაშვილმა ახლა გაიღვიძა, ახლა აღმოაჩინაო… უკაცრავად, საქართველოში კონკორდატი გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როცა მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა. მე ვარ ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, ძალიან სერიოზულ, ძირძველ ტრადიციებზე.

საქართველოში არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომელიც დასცინის ყველაფერ ქართულს, აბაიბურებს და სვეცკურად ზემოდან უყურებს იმ ხალხს, რომელსაც სჯერა თავისი ტრადიციების და თავისი მრწამსის. ვფიქრობ, ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს, რადგან ხელში უგდებს ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ვასაძეს, ინაშვილს და საქართველოს მტრების სხვა პირდაპირ აგენტებს. არაფერ კავშირში არ არის რუსეთის აგენტები და ჩვენი ფასეულობები და ღირებულებები.

ჩემ დროს აღდგა ძალიან ბევრი ქართული ტრადიცია, ძალიან ბევრ ქართულ ძეგლს დაუბრუნდა პირვანდელი ქართული სახე. ამავე დროს, ჩვენ ვართ ძალიან ინოვაციურები, ბევრი იდეა გვაქვს, საინტერესო იდეები გვაქვს, გათანამედროვეობის იდეა გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვაკეთებთ, მაგრამ ესაა აწმყო და მომავალი შობილი წარსულისგან და მოდით, ამაზე შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის მოდა, ეს არის ის, რასაც მე ყოველთვის ვაკეთებდი, უბრალოდ რუსულმა და მტრულმა პროპაგანდამ ყველაფერი პირიქით მოატრიალა და აქეთ შემოგვტენა ისეთი რამ, რაც უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს.

ამიტომ, ვფიქრობ აქ ვინმესთან პიროვნულ დაპირისპირებაზე არ არის საუბარი… სიმართლე უნდა ითქვას, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან საერთო უბედურების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, ყველას შეხედულებას, თუკი ეს საქართველოს ინტერესებშია და ადამიანი მოქმედებს საერთო ფრონტით. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს, ბევრი საფრთხე გვაქვს და რესურსების გაბნევისა და ერთმანეთთან ქიშპის დრო აღარ გვაქვს. საქართველოში უნდა გათენდეს და გათენდება კიდეც.“ – აღნიშნავს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად