მიხეილ სააკაშვილი: ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

„დღეს, მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების შედეგად პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის Facebook გვერდზე წერს.

“თეორიულად, პარლამენტს შეუძლია შეცვალოს კონსტიტუცია და ივანიშვილი გამოაცხადოს ოფიციალურ დიქტატორად – და ეს სამართლებრივად “გამართული” გადაწყვეტილება იქნება.

პრაქტიკულად ეს იქნება ხელისუფლების უზურპაცია.

ამიერიდან ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველა გზა მორალურია.

გონიერების საზღვრებიღაა დარჩენილი, რომ ქვეყანა არ დავაზიანოთ და თავად არ დავზიანდეთ.

სახელმწიფო მათ გადაატრიალეს, ძალაუფლება მათ მიითვისეს და უკანონოები ისინი არიან.

მათ ჰგონიათ, რომ ძალა აქვთ, მაგრამ ძალაც და ძალაუფლებაც ეკუთვნის ხალხს და ეს ჭეშმარიტება ისტორიულად არაერთხელ დადასტურებულა.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

როგორც არასდროს, დღეს ნათელია თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი, მართალი და მტყუანი, ანუ როგორც არასდროს დღეს ნათელია, ვინ გაიმარჯვებს.

ქართველი ხალხის სურვილი, იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, შემდგარი, წარმატებული ერი, აუცილებლად გაიმარჯვებს უზურპატორზე.” – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად