მიხეილ სააკაშვილი: ბნელეთის ძალებმა საქართველო ხელში არ უნდა ჩაიგდონ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვით ეხმაურება და აცხადებს, რომ ბნელეთის ძალებმა საქართველო ხელში არ უნდა ჩაიგდონ. იგი პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისა და მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

“მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისკენ, ახლა საგანგებო სიტუაციაა, ბოლო ზღვარია, რომლის იქითაც ქვეყანა საბოლოოდ იკარგება. მოდი, გვერდზე გადავდოთ შვებულებები, დასვენებები, კარგი ცხოვრება, ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ამ საზიზღრობა, ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს, ბნელეთის ძალებმა არ უნდა ჩაიგდონ ხელში საქართველო.

ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზაციას. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, ახლა დავსხდეთ ერთად ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაწყვეტილება რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე, გამარჯვებამდე, ივანიშვილის მოშორებამდე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ დაუყონებლივ რიგგარეშე არჩევნებს, დავიხსნათ მისი კლანჭებიდან სასამართლო სისტემა”,-აცხადებს სააკაშვილი.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...