მიხეილ სააკაშვილი: 1 კაპიკი არ წამომიღია საქართველოდან, არც ერთ ბიზნესში არ ვმონაწილეობდი, ეს იყო ჩვენი ცხოვრების პრინციპი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენი მიხეილ სააკაშვიი ნამახვანჰეწსთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“მთელი ეს დღეები მესმის – თითქოს სააკაშვილი იყო მომხრე ჰესის აშენების, დიდი ჭკუით არ მოსდის ეს, ვინც ამ ციტატებს ატრიალებს. ეს რომელ წლებში ვიყავი მომხრე? ათი წლის წინ, 15 წლის წინ, ხომ? დიახ, ვიყავი მომხრე, თუმცა არასდროს ასეთ პროექტს არ დავამტკიცებდით, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქალაქ ქუთაისს ან რიონს გააქრობდა საერთოდ და მილში ჩაიყვანდა. ამათმა ყველაზე უარეს პირობებზე, გახარიას ხელმოწერით გააკეთეს ეს კონტრაქტი, მაგრამ 10 და 15 წლის წინანდელი რეალობა სხვაა.

მინდა, ჩვენ მომხრეებს ვუთხრა, ვინც ამას მხარს უჭერს და ჩვენ მოწინააღმდეგეებსაც, ჩვენ მლანძღველებსაც, 10 და 15 წლის წინ რაც იყო და რაც არის ახლა, სხვადასხვა რეალობაა. ამოვიდეთ რეალობიდან, რეალობა არის ის, რომ მაგალითად, ჰოლანდიამაც ახლა უარი თქვა გაზის მოპოვებაზე და მთლიანად გადადის ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე.

სხვათა შორის, 2009-2010 წლებში გვქონდა გეგმა, მაშინ ბესო ჯუღელი აწარმოებდა ქარის დანადგარებს, რომ პრეზიდენტის სასახლე მთლიანად გადაგვეყვანა ქარის დანადგარებზე. დაგვედგა ორი ქარის დანადგარი პრეზიდენტის სასახლის უკან როგორც სიმბოლო, რომ ჩვენ გადავდივართ მწვანე ენერგიაზე. ჩვენ გვინდოდა საერთოდ საქართველოს მწვანე ენერგიაზე გადასვლა. ახლა უამრავი ახალი ტექნოლოგიაა მეგობრებო, არის მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაშინ ეს არ იყო, როცა ვამბობდით, რომ ჰესები უნდა ავაშენოთ.
უამრავი ახალი ტექნოლოგიებია მეგობრებო, არის მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაშინ არ იყო ეს. ყველაფერი გაიაფდა და ყველაფერი შეიცვალა.
ასეთი ჰესები უკვე პროგრესული აღარაა, ეპოქა შეიცვალა, დრო შეიცვალა, კონტექსტი შეიცვალა და საქართველოს გარემოებები შეიცვალა.
ამიტომ, საქართველოს არ სჭირდება დამატებით დიდი ჰესები და ესაა ჩემი მყარი პოზიცია!
საქართველოს სჭირდება ახლა განვითარება ტურიზმის, სერვისების ექსპორტი, ლოჯისტიკის ექსპორტი, დიდი ქალაქის აშენება შავ ზღვაზე, რომელსაც ჩვენ მოვამარაგებთ დენით, პრობლემა არ გაგვიჩნდება შიდა წყაროების ხარჯზე და ეს ყველაფერი დათვლილი მაქვს მეგავატებში.
მოდით, შევეშვათ ზერელე საუბარს, რომ ვინც თურმე ჰესის წინააღმდეგია, რეტროგრადია, არაფერი არ ესმის, ბნელეთის მოციქულია და ვინც ჰესის მომხრეა, ის პროგრესულიაო. იქნებ თქვათ, რომ ასეთი ჰესები უკვე პროგრესული არ არის, ეპოქა შეიცვალა, კონტექსტი შეიცვალა და საქართველოს გარემოებები შეიცვალა.

მოდით, გავაკეთოთ სერიოზული დისკუსია და შევწყვიტოთ ერთმანეთისთვის იარლიყების მიკერება, რომ სააკაშვილმა შეიცვალა პოზიცია. მე პოზიცია არ შევიცვალე. მაშინ პოზიცია ასეთი იყო სწორი, ძირითადში, რა თქმა უნდა, არა ამ სახით, როგორც დღეს არის წარმოდგენილი მთავრობის მიერ მოწერილ დოკუმენტზე. ახლა სულ სხვა კონტექსტია, ჩვენ ვიმოძრავებთ ამ კონტექსტში ამ მიმართულებით. ეს უნდა იყოს ძალიან დამჯდარი, ნორმალური საუბარი და არა ის, რომ პოლიციის ენით და რკინის ჯებირებით ველაპარაკებოდეთ ხალხს. საკუთარ სახლში არ უშვებს პოლიცია ხალხს იმის გამო, რომ ივანიშვილი მოელაპარაკა და 25%-იან წილში ჩაჯდა. ახლა, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩიტი ვერ გადაიფრენს საქართველოს ბიზნესში, მით უმეტეს დიდ ბიზნესში ივანიშვილის პირდაპირი წილის გარეშე. ეს იცის ყველამ და ამაში, სხვათა შორის, ჩვენ ძალიან განვსხვავდებით, რადგან, მე ერთი კაპიკი არ წამომიღია საქართველოდან და არც ერთ ბიზნესში არ ვმონაწილეობდი, ეს იყო ჩვენი ცხოვრების პრინციპი. ჩვენი და ჩემი გუნდის აბსოლუტური უმეტესობის“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

კომენტარები
იტვირთება...