მიხეილ რამიშვილი: თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის დეშიფრაცია დასრულებულია, არაფერი საინტერესო იქ არაა

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში არსებული მასალის კლონირება და დეშიფრაცია დასრულებულია.

როგორც მიხეილ რამიშვილმა ტვ “პირველის” ეთერში ჩართვისას განაცხადა, ექსპერტიზის შემდეგ უთხრეს, რომ კომპიუტერში ლოკალურად დაყენებული Facebook და Instagram არ იყო.

“ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი, რომ მიმოწერის პროგრამები არ იყო ლოკალურად დაყენებული ანუ ფეისბუქი და ინსტაგრამი საერთოდ არ იყო კომპიუტერში. წაშლილია, გაუქმებულია ყველაფერი. ლეპტოპიდან არ არის შესული Facebook-ზე, არის შესული, მაგრამ ეს შეიძლება, ტელეფონიდან მოხდა. ამავდროულად, სისტემური და მომხმარებლის 193 000 ფოტოა და ვიდეოებია 488. რაც მთავარია, არანაირი სხვა ფაილები არ არსებობს. იცით როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? ეს არა თუ პროგრამისტისა და კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, არამედ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის. არაფერი საინტერესო იქ არაა. ამათი შეფასებით, ბოლო შესვლა კომპიუტერში მოხდა ათ საათსა და ორ წუთზე“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტები ჩაერთონ.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად