მიხეილ რამიშვილი: იმას კი არ ვამტკიცებ, ფოტოსურათი ყალბია თუ არა, ვამტკიცებ, რომ ავტომობილი იქ არ იდგა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იკითხება,  რომელმაც გუშინ უარი თქვა დასწრებოდა პროცესს, რა დროსაც გამოძიება მისი ტელეფონიდან დავით ფურცხვანიძის მიმოწერებს ამოიღებდა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა დაკითხვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ისევ ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი  თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი გარკვეულ პერიოდამდე მაწევანის ტყეში არ იყო.

“გავცემ იმ კითხვებს პასუხს, ვისი დავალებით, რომელი დავალებით, ვიცოდი თუ არ ვიცოდი. ყველამ ძალიან კარგად იცის რას ემსახურებოდა სატელიტიდან ეს ფოტო და რამდენად მინდა, რომ არსებობდეს ეს ფოტოსურათი და რამდენად არ უნდა გამოძიებას, რომ იყოს ეს ფოტოსურათი. მე იმას კი არ ვამტკიცებ ყალბია თუ არა, ვამტკიცებ იმას, რომ ავტომობილი იქ არ იდგა”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პროკურორის დავით გუმბერიძის განმარტებით,  დღევანდელი დაკითხვა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილ ფოტოსურათებს შეეხება, რომლის მტკიცებულებების სახით საქმეზე დართვასაც ითხოვდა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი.

“ჩვენ ბატონმა მიხეილ რამიშვილმა წარმოგვიდგინა ფოტოსურათები და მოითხოვა საქმეზე მტკიცებულებად დართვა, მოგეხსენებათ მიხეილ რამიშვილი გახლავთ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი, სხვა მოცემულობას ჩვენ ვერ მივიღებთ, ის არ გახლავთ ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი. მან როგორც ადვოკატმა მოიტანა ჩვენთან ფოტოსურათები და მოითხოვა რომ მიგვეღო მოცემულობად, შეგვესწავლა გარემოება იქიდან გამომდინარე, რომ ამ ორი ფოტოსურათით დასტურდებოდა, რომ  თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 2020 წლის 19 ივლისს მაწევანის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. ეს გვაქვს ჩვენ მოცემულობად და სხვა განმარტებას რას აკეთებს ადვოკატი თქვენს წინაშე ამასთან დაკავშირებით, ინფორმირებული არ ვართ”, – აცხადებს პროკურორი დავით გუმბერიძე.

ბაჩალიაშვილების საქმის ადვოკატების, ეკა ქობესაშვილისა და მიხეილ რამიშვილის სასამართლოში გამოკითხვის პარალელურად მათი მხარდასაჭერი აქციაც გაიმართება.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, დავით ფურცხვანიძის მხრიდან მიწოდებული ფოტომასალის შესახებ პირველად 8 სექტემბერს განაცხადა. რამიშვილი აცხადებდა, რომ ფოტომასალაზე სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 19 და 20 ივლისს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა, მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.

18 სექტემბერს პროკურატურამ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად