მიხეილ ქუმსიშვილი: ბაზარში სიარული თბილისის კულტურის ნაწილია და იქ გარემო უნდა გაჯანსაღდეს

ბაზარში სიარული თბილისის კულტურის ნაწილია და მაგალითად “დეზერტერების” ბაზარში დღეს რომ ანტისანიტარიაა, ასე კი არ უნდა იყოს, არამედ გარემო უნდა გაჯანსაღდეს, რაც მერიის კომპეტენციაა, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ ქუმსიშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში თქვა, რომლის სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

“მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებს არავითარი ხელშეწყობა არ აქვთ და პირიქით იჩაგრებიან იმით, რომ მონოპოლისტური ბიზნესები ვითარდება და ნელ-ნელა ყლაპავენ მათ. უნდა მოხდეს მათი წახალისება და სუბსიდირება, თუნდაც ბაზრებში მომუშავე პერსონალის, რომლებიც ბაზრის მფლობელებს დიდ თანხას უხდიან ქირაში. უნდა შევუმსუბუქოთ მუშაობის სპეციფიკა.

პირველ რიგში უნდა გაჯანსაღდეს გარემო. ავიღოთ ე. წ. დეზერტირების ბაზარი, რომელიც ანტისანიტარიის ბუდეა და იქ ადამიანი არ შევა პროდუქტის საყიდლად, თუ მართლა გაჭირვებაში არ არის. ქალაქის მერის კომპეტენციაშია, რომ ის ტერიტორია მოწესრიგდეს, აღარ იყოს ანტისანიტარია და ადამიანს იქ მისვლა უხაროდეს. იმიტომ, რომ მათ შორის ბაზარში სიარული თბილისის კულტურის ნაწილია. პროდუქტის ყიდვის გარდა ის არის ურთიერთობის და კომუნიკაციის ადგილი. შესაბამისად, მცირე მეწარმეებს მეტი შეღავათები უნდა ჰქონდეთ თუნდაც გარემო პირობების კეთილმოწყობის თვალსაზრისით მაინც”, – თქვა მიხეილ ქუმსიშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...