მიხეილ მაჭავარიანი: “გუშინ მოვისმინე ის, რისი მოსმენაც ძალიან არ მინდოდა”

ზურაბ ჟვანის მეგობარი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი, გოგლა ჟვანიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, არ იზიარებს. მაჭავარიანი „აიპრესთან“ აცხადებს, რომ  ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისი თქმით,  ზურაბ ჟვანიას საქმე პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა. 

 "ერთი წლის წინ, როდესაც გამოჩნდა ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, მაშინაც ვამბობდი, რომ საკმაოდ ცუდი სუნი უდის ამას. ახლა მიმდინარეობს სასამართლო პროცესი დაცვის 2 თანამშრომელზე ძაძამიასა და ხარშილაძეზე, ასევე ექსპერტ ჩაჩუაზე, რომელსაც ედავებიან თითქოს მან არაჯეროვნად შეასრულა თავისი   ფუნქციები.

მე  თვალყურს ვადევნებ ჩაჩუას პროცესს, მან აბსოლუტურად დაადასტურა, რომ დაწერა ის, რაც იყო. ყველაფერი ის, რაზეც მანამდე იყო საუბარი, მათ შორის საუბრობდა დეფაქტო პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი, ჩაჩუამ გააცამტვერა და  ნულამდე დაიყვანა.  თქვენ გახსოვთ, რომ საუბარი იყო ექსგუმაციაზე, რომელიც არ ჩატარდა. ერთი წლის წინ  ღარიბაშვილმა დაასახელა შვეიცარული კომპანია, ესეც რატომღაც არ გააკეთეს. აბსურდია  ბრალი წაუყენო ექსპერტს რაღაცის გაყალბებაში, თუ არ ჩაატარე ექსგუმაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოძიებას აქვს პრობლემები.

_ გოგლა ჟვანია სულ სხვა ვერსიებზე საუბრობს…

_ ახლა რაც შეეხება იმას, რაც გუშინ მოვისმინე, რაც ძალიან არ მინდოდა  მომესმინა… მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და ეს ბუნებრივიც იყო, ამ ადამიანებს ჰყვათ ადვოკატები, ისინი ყველა მეთოდს იყენებენ, მათ შორის ყველა დასკვნას, რომელიც  მეც  ნანახი მაქვს, რათა დაამტკიცონ იმ ადამიანების უდანაშაულობა, რომლის მიმართაც არის ბრალი წაყენებული და  მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. თავს შევიკავებ კონკრეტული საუბრისგან,  დარწმუნებული ვარ, ზურა გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად, ეს ჩემი შეხედულება არ შემიცვლია.

_ გუშინ გოგლა ჟვანიამ  განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მათი დამქაშები ისტერიკაში იმიტომ არიან, რომ გამოძიება მიდის სწორი გზით. მან განაცხადა: "ვინ დადგა ეს სცენა და როგორ დადგა, ეს ყველაფერი გამოაშკარავდება და ამაზე ადამიანები ძალიან სერიოზულ პასუხს აგებენ, ერთია რომ მოკლეს ადამიანი, მეორეა, რომ ეს უბინძურესი ვერსია შეთითხნეს, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ამაზე პასუხს აგებენ ადამიანები.

_ რაც შეეხება იმას, რაც გუშინ მოვისმინე ბატონი გოგლა ჟვანიასგან, მე ამაზე კომენტირებისგან თავს შევიკავებ. ისევ ვიმეორებ, რაც ვთქვი ერთი წლის წინ, ზურას გარდაცვალებით სპეკულირება არ მოგვიტანს კარგ შედეგებს არავის. პირველ რიგში არც მის მეგობრებს და არც მისი ოჯახის წევრებს. ეს არის ჩემი კომენტარი.

ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ,  ახლა ეს ყველაფერი  ძალიან ცუდი სცენარით მიმდინარეობს იმიტომ, რომ სასამართლოზე ჩაჩუამ დაამტკიცა ყველაფერი.  წინ არის კობა ხარშილაძის ჩვენება, რომელსაც იგი ნაფიცმსაჯულებს მისცემს და… მოკლედ, ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. მე ჩემი აზრი არ შემიცვლია. მე დოკუმენტები მაქვს ნანახი. გაკვეთის კადრები წარდგენილია სასამართლოზე. იქ ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ ზურა გარდაცვლილია უბედური შემთხვევით. სხვა  არანაირი ექსპერტიზა, რისი მოლოდინიც იყო არ ჩატარებულა.

_ სანამ ზურაბ ჟვანიას საქმეში ბრალდებულებს დააკავებდნენ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ზურაბ ჟვანია სცხედარია აღბეჭდილი ექსპერტიზის ბიუროში. თუმცა, დღემდე არავინ იცის, ვინ ატვირთა და გაავრცელა ეს ჩანაწერი ინტერნეტში.

_ ჩაჩუამ ისიც ილაპარაკა, თუ საიდან შეეძლო აეღო  ე.წ. ჰაკიმ ფაშას ეს ჩანაწერი, რომელშიც დარწმუნებული ვარ, მოქმედი პრემიერის ხელი ურევია. ძალიან სამწუხაროა…

მე ეჭვი გამიჩინა იმან, რომ ჯერ პრემიერმა ღარიბაშვილი გამოაცხადა,  ამა და ამ საგნით იყო მოკლულიო და მერე აიტვირთა ვიდეო, რომელშიც დარწმუნებული ვარ  მისი ხელი ურევია. იცით ალბათ, რაც ხდება ამ ვიდეოებთან დაკავშირებით. პროკურატურა ამბობს, რომ თურქეთიდან არის ატვირთული და არ თანამშრომლობს თურქეთის  ხელისუფლება ჩვენთანო. ნუ ეს აბსურდია, რადგან ამის გარკვევა 15 წუთის საქმეა თავმოყვარე გამოძიებისთვის.

_ გოგლა ჟვანიამ თქვა, რომ მისი ძმის საქმეში გაყალბებულია საბუთები დევს.

_ სიმართლე გითხრათ, გუშინ ძალიან მძიმე ღამე მქონდა, როცა მოვისმინე…. ყველაფერი ხომ არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობით აწონდაწონო.

რაც შეეხება გაყალბებას, მანამდე საუბარი იყო, თითქოს ზურა სხვაგან დაიღუპა, მერე ცხედარი მიიტანეს… მოკლედ, ათასი სისულელე იყო და არ მინდა ამაზე დეტალური კომენტარი ვაკეთო.

_ გოგლა ჟვანიამ გუშინ პირველად განაცხადა საჯაროდ „მე პრობლემა არ მაქვს ამ თემაზე საუბრის, მე ეს ვიცოდი 2004 წლიდან, ეს იცოდა ნინომაც და დედაჩემმაც და ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით, ეს დელიკატური მომენტები“.  თუ იცოდა ამის შესახებ, რატომ განაცხადა 10 წლის შემდეგ ან თქვენთან ხომ არ ჰქონია საუბარი გოგლა ჟვანიას ამასთან დაკავშირებით?

_ არ ვიცი, არ ვიცი ვის რატომ დასჭირდა ამ თემით სპეკულირება. არ მინდა ამაზე საუბრი. როცა გვქონდა ურთიერთობა ჩვენ, ამას სულ ვეუბნებოდით, მაგრამ…

_ ახლა აღარ გაქვთ ურთიერთობა?

_მე გოგლა ჟვანიასთან დაახლოებით 5-6 წელია არ მქონია ურთიერთობა. ნინოსთან უფრო მქონდა ურთიერთობა, მათ შორის ზურას 50 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით.

მე ჩემი პოზიცია არ შემიცვლია. სასამართლო პროცესია და თავს შევიკავებ შეფასებებისგან,  მითუმეტეს წინ არის კობა ხარშილაძის ჩვენება. ოღონდ ეს არ ეხება ჩაჩუას საქმეს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა პოლიტიზირებულმა პროკურატურამ  საქმე გაყო. აბსოლუტურად არაადეკვატურად მოიქცა. ყველა ერთად დაიჭირეს ერთ საქმეში, ხარშილაძეც, ჩაჩუაც და ძაძამიაც. შეგახსენებთ, რომ ისინი ჩაჩუას წინააღმდეგ იყვნენ მოწმეები. მაგრამ, როგორც კი პროკურატურამ ნახა ხარშილაძე და ძაძამია მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ამოშალა ისინი თავისი სიიდან და ჩაჩუამ, როგორც თავის მოწმეები, ისე გამოიყენა. სწორედ ამიტომ მისცეს ჩვენება  ჩაჩუას სასამართლოზე.

_ ჩაჩუამ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დღეს, სასამართლოში განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზას სხვა ექსპერტებთან ერთად ესწრებოდა ზურაბ ჟვანიას რძალი, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი დსკვნაზე,  რომელსაც არასდროს უთქვამს, რომ დასკვნა, რომლზეც ხელი აქვს მოწერილი, გაყალბებულია.

_ თავს შევიკავებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რძალმა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ სასამართლოზე მისცა ჩვენება.  მაგრამ, რაც მთავარია, არსებობს ვიდეო, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია ადვოკატებისა და გამოძიებისთვის. ეს არის ზურას გაკვეთის ვიდეო. თუ ვინმეს რამე ეჭვი ჰქონდა, შეეძლო ენახა და დარწმუნდებოდა რა დაზიანებები ჰქონდა და რა არ ჰქონდა.

ყველა სიტყვას ვზომავ, არ მინდა ჩემი სიტყვით რაღაც გავაფუჭო. თუმცა, რაც გუშინ მოვისმინე… 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად