მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპკორპუსთან საგანგებო შეხვედრა გამართა

მიხეილ ჯანელიძემ საგანგებო შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო განვითარებების თაობაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული რთული ვითარების შესახებ. აუდიენციისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ქართული მხარის მოთხოვნები – მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივი გადმოცემა, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს მიეცეთ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა და არ შეექმნას დაბრკოლებები ქართული მხარის მიერ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას, მათ შორის საერთაშორისო აქტორების შესაძლო მონაწილეობით. 

როგორც შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა მომხდარი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას და პარტნიორ სახელმწიფოებს აქტიური გამოხმაურებისა და მხარდაჭერისთვის, ასევე სთხოვა ძალისხმევის კონსოლიდაცია და ქმედითი ზომების გატარება რუსეთის, ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისა და ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად