მიხეილ ჯანელიძე: ოკუპირებულ რეგიონებში უფლებების დაცვის შესაძლებლობა არ აქვთ

საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია, ხელისუფლებას ხელს უშლის ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებით სარგებლობის შესაძლებლობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართების მეორე მხარეს მყოფ მოსახლეობასაც შესთავაზოს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაერო-ს მექანიზმების, მათ შორის, ადამიანის უფლებების საბჭოს, ადამიანის უფლებათა კომისრის, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისა  და სპეციალური მომხსენებლების მნიშვნელოვან როლზე. კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს სრულუფლებიანი წევრის, მზაობა საკუთარი წვლილიშეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ადამიანის უფლებების სფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, განსაკუთრებით, კორუფციის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ  საქართველოს მთავრობის ერთერთი პრიორიტეტია  იძულებით ადგილნაცვალი პირების უფლებების დაცვისა და მათი ინტეგრაციისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მუშაობა.

„საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც  თავის მოქალაქეთა უფლებების სრულად დაცვისკენაა მიმართული. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, რუსეთის მიერ საქათველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მთავრობას ხელს უშლის ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებით სარგებლობის შესაძლებლობა  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართების მეორე მხარეს  მყოფმოსახლეობასაც  შესთავაზოს. საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები მოკლებულნი არიან თავიანთი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შესაძლებლობას. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს უკანონო პასპორტიზაციის ახალი ტალღა, ადამიანთა გატაცების ფაქტები,თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა“,- განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მიუხედავად  არსებული გამოწვევებისა, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გააძლიეროს ჩართულობა ადგილზე დარჩენილ მოსახლეობასთან.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა გლობალურ დარეგიონალურ კონტექსტში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე, ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზე,მწვავე ვითარებაზე უკრაინასა და სირიაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...