მიხეილ გიორგაძე რუსი ჟურნალისტების “სატელეფონო ხულიგნობის” მსხვერპლი გახდა

საქართველოს კულტურის მინისტრი რუსი ჟურნალისტების, ე. წ. "სატელეფონო ხულიგანის" მსხვერპლი გახდა. რუსული ტელეკომპანია НТВ-ს თოქ-შოუში "ზვანოკ", სადაც ევროვიზიის კონკურსს განიხილავდნენ, ეთერში გაუშვეს მიხეილ გიორგაძის საუბარი. საუბარი შეეხებოდა საქართველოს მიერ უკრაინელი კონკურსანტის მხარდაჭერას.

თოქ-შოუზე წარდგენილ ვიდეოზე ჩანს, როგორ ურეკავს "სატელეფონო ხულიგანი" (პრანკერი) ვოვანი საქართველოს კულტურის მინისტრს უკრაინის კულტურის მინისტრის, ევგენი ნიშჩუკი სახელით, რომელიც მიხეილ გიორგაძეს ევროვიზიაზე უკრაინელი კონკურსანტისთვის ხმის მიცემისას დახმარებას, მაღალი ქულებით შეფასებას სთხოვს.

„თუ მეხსიერება არ მღალატობს, ტრადიციულად, საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა ინტენსიურია, მაგრამ ჩვენი პირველი არხის ხელმძღვანელსაც დაველაპარაკები, ის ჩემი მეგობარია. ვკითხავ როგორ შეიძლება ამ მხარდაჭერის გაძლიერება და ვთხოვ მას ამის გაკეთებას,“ – პასუხობს მინისტრი. ტელეკომპანიის წარმომადგენელი მიხეილ გიორგაძეს ეუბნება, რომ საქართველომ რუსეთსაც შესაბამისი ქულა უნდა დაუწეროს, რათა არ მოხდეს უკრაინა-საქართველოს შეთანხმებაში დადანაშაულება.

როგორც "აიპრესს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს, მინისტრთან სატელეფონო საუბარი მართლაც შედგა, თუმცა ამ საუბრის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელტან გიორგი ბარათაშვილთან ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის კონკურსში უკრაინამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ავსტრალია გავიდა, მესამეზე კი რუსეთი. საქართველოსგან უკრაინელ შემსრულებელს უმაღლესი 12 ქულა ერგო წილად. საქართველოს წარმომადგენლები კონკურსში მხოლოდ მეოცე ადგილზე მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...