მიხეილ ჩხენკელი: ვანის მუზეუმი მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ვანის ახლადრეაბილიტირებული არქეოლოგიური მუზეუმის შენობა და მუზეუმში გამოფენილი ექსპოზიცია დაათვალიერა.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორცელდა ვანის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია. მინდა, საზოგადოებას მივულოცო ვანის მუზეუმის გახსნა. ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმი, რომელიც ძალიან საინტერესოა როგორც ტურისტებისთვის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ვანის განახლებული მუზეუმი დამთვალიერებელს ორი თვის განმავლობაში უფასოდ უმასპინძლებს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი საგამოფენო სივრცე. მუზეუმში უახლესი სტანდარტების დაცვით მოეწყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინსტალაციების გამოყენებით დამთვალიერებელს უკვე შეუძლია ნახოს ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები. ამასთან, პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია.

ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად