მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრა. სხდომას KIU-ს საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რექტორი ალექსანდრე თევზაძე და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან.

 „მივესალმები უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტს – პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანს და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მივაღწევთ დასახულ მიზნებს. თქვენი მონაწილეობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ!

როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი არის საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი. წელს უნივერსიტეტმა აკადემიური ცხოვრება დაიწყო, რაც ძალიან გვახარებს. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენი მიზანია, იგი რეგიონში განათლებისა და მეცნიერების ძალიან მნიშვნელოვან ჰაბად ვაქციოთ.

როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არის ბრწყინვალე საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისათვის“, – განაცხადა მინისტრმა. 

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის და ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. ამჟამად მოქმედი პროგრამები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ანალოგს წარმოადგენს, სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, როგორსაც მათი თანატოლები იღებენ საზღვარგარეთ. 

მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის სამეცნიერო-კვლევითი მხარე და ისაუბრა ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ, რომელიც რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ამჟამად სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს ორი ციკლოტრონის დამზადება და აწყობა. ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. მიხეილ ჩხენკელმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს. ამგვარი მიდგომა ნათელს ხდის იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვანი მკვლევრები ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით უკვე მზად არიან ქართველ მეცნიერებთან ერთად ქუთაისში აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა: საბჭოს თავმჯდომარემ სებასტიან შმიდტმა, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორმა (გერმანია), პროფ. რაიმონდ მირალბელმა, ქუირონსალუდის საუნივერსიტეტო კლინიკის პროტონული თერაპიის ცენტრის სამედიცინო მიმართულების დირექტორმა (ესპანეთი), პროფ. ბერნდ ნოიმაიერმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა (INM-5) (გერმანია), პროფ. რობერტო ორეკიამ, ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა (იტალია), პროფ. ჯონი შაჰმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირობიოლოგიისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა (INM-4) (გერმანია), პროფ. ახიმ შტალმა, RWTH აახენის უნივერსიტეტის პროფესორმა (გერმანია), პროფ. ჰანს შტროერმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა (გერმანია) და ზენშო იოშიდამ, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა (იაპონია).

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად