მეუფე ვახტანგი: ეს არის დანაშაული, ეს ველურებშიც არ ხდება – ალბათ, საპატრიარქომ უნდა მიიღოს ზომები

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირების მხრიდან “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფ ივერი მელაშვილზე თავდასხმას კატეგორიულად გმობს ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი).

როგორც მეუფემ “მთავარ არხთან” განაცხადა, საპატრიარქოს ამ ფაქტზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა ჰქონდეს.

“ძალადობა, ეს არის დანაშაული, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს და თუ ამას სასულიერო პირები აკეთებდნენ, რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული და ალბათ საპატრიარქომ უნდა მიიღოს ზომები, რომ ასე არ მოხდეს და ის იყოს უკანასკნელი. ეს ისეთი დღეებია, ბრწყინვალე შვიდეულის.. შესვეს შეიძლება და ჰქონდათ რაღაცა ნადიმი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი დაკარგოს ადამიანმა და ყველაფერი დაივიწყოს. ეს ველურებშიც არ ხდება და მითუმეტეს, ცივილიზირებულ ქრისტიანულ სამყაროში არ უნდა ხდებოდეს. უნდა ეცნობოს საპატრიარქოს და მიიღონ გარკვეული ზომები ამ თვალსაზრისით, რომ ეს არ განმეორდეს. ეს სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელი იყოს. ეს არის ჩვენი საერთო უბედურება, ასეთი გაუგებრობა და არავის არ აქვს უფლება, ადამიანებზე ზეწოლის, უშვერი სიტყვებით მიმართვის და ცემა-ტყეპის, რაც დღემდე ხდება, – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ივერი მელაშვილსა და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ინფორმაცია “მთავარმა არხმა” გაავრცელა.

“მეორედ არ მოხვიდე აქ… დავაი, წადით აქედან… აღარ მოხვიდეთ აქ… გამყიდველო, შე უნამუსო, შენ”, – მიმართავდნენ ივერი მელაშვილს დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები
იტვირთება...