მეუფე შიო: უფალთან შეიძლება მივიდეს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც სინანულის შედეგად იცვლება

ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ(მუჯირი) ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

„დღეს იყო სახარებიდან წაკითხული იგავი საქორწილო ნადიმის შესახებ. იესო ქრისტე ბრძანებს ასეთ იგავს, რომ სასუფეველი ღვთისა ემსგავსა კაცსა მეუფეს, რომელმაც ქორწილი მოაწყო, საქორწილო ნადიმი გააკეთა. ეს ქორწილი იყო თავისი შვილის. მეუფე კაცი ვინ არის? ეს არის მამა ღმერთი, ძე არის ძე ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე და ქორწილი ეს არის სასუფეველი ღვთისა, მარადიული ცხოვრება. საქორწილო სერობა არის ის, რასაც დღეს ჩვენ ვესწრებით და ვმონაწილეობთ, ეს არის წმინდა ლიტურგია. ესეც ქორწილია, ესეც სერობაა. უფალი ყველას მოიწვევს, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი უარს ეუბნებიან. უფალი ხელმეორედ მოუწოდებს მათ, პატიჟებს და შეახსენებს მათ, რომ ყველაფერი გამზადებულია. მიუხედავად ამისა, მაინც უარს ეუბნებიან. მოიმიზეზებენ თავიან პირად საქმეებს. ზოგი სავაჭროდ მიდის, ზოგი ყანაში. ეს გვაფიქრებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ უგუნურებაში იმყოფება ადამიანი. წარმოიდგინეთ, ღმერთი გვეპატიჟება თავის მარადიულ სიხარულში, ნადიმზე და ადამიანები უარს ეუბნებიან. თითქმის ყველამ იცის ბავშვობიდან, რომ მოელის გარდაცვალება ყველას. ნებისმიერი ადამიანის დასასრული ეს არის სნეულება და გარდაცვალება. ამიტომ ზედმეტად მიჯაჭვა და ზრუნვა ამ სოფლურ კეთილმოწყობაზე, მატერიალურ ღირებულებებზე, ეს დიდი უგუნურებაა. მიუხედავად ამისა, ადამიანები ამას უფრო არჩევენ და მარადიულ სიხარულზე უარს ამბობენ. ამის მიზეზი ალბათ, არის ძალიან დიდი დაზიანება ჩვენი ბუნების, ადამიანი ვეღარ გრძნობს, რას კარგავს, რა აკლდება. ამიტომაც უფალი იესო ქრისტე ამას გვახსენებს ამ იგავით.

სხვათა შორის წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ადამიანმა ერთი წამითაც რომ შეიგრძნოს ის ნეტარება, რაც ცათა სასუფეველში მას მოელის, მზად იქნებოდა 1000 წელი დიდ გაჭირვებაში იყოს. ასეთი შედარებაც კი მოჰყავთ, ჭიებით სავსე ორმოში იყოს და დაითმინოს 1000 წელი, ოღონდ 1 წამით იგემოს და ეზიაროს ამ ნეტარებას.

წმინდა წერილში წერია, რომ ვერც კი წარმოუდგენია ადამიანის გონებას, თუ რას უმზადებს მას უფალი. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენთაგანი ამ მოწვევაზე უარს ამბობს.

შემდეგ, უფალმა კიდევ გაუგზავნა ადამიანებს მონები; წინასწარმეტყველები, ვიღაცისთვის მშობელი, ვინც ასწავლის, ჭკუას არიგებს, იფარავს სხვადასხვა განსაცდელებს არიდებს, მასწავლებელი, მოძღვარი. ესენი ყველა მონანი ღვთისანი არიან, ვინც ჩვენ ღვთის ნებას გვეუბნება და გვაუწყებს. ეს მონები ზოგი სცემეს, ზოგი მოკლეს. შემდეგ განრისხდა მეუფე და გაანადგურა ის ქალაქს და მოქალაქეები.

ჩვენ ვიცით, რომ ისტორიაში ეს არაერთხელ მომხდარა. თუნდაც ჩვენს ქვეყანაში 100 წლის წინ, როდესაც იყო ბოლშევიკური მმართველობის პერიოდი ასეც მოხდა, დაანგრიეს ტაძრები, დახოცეს სამღვდელოება და ამის მიზეზი ის იყო რომ ჩვენს ხალხს აღარ უნდოდა, არ იყო მოთხოვნილება ტაძრებში, სამღვდელოებაში და უარს ამბობდნენ საქორწილო სერობაზე. ამიტომაც უფალმა ეს დაუშვა.

შემდეგ უფალი ყველას ეძახის თავისთან, ბოროტსაც და კეთილსაც. ადამიანურ სიკეთესა და ბოროტებას შორის არ არის განსხვავება ღვთისთვის, ღვთის წინაშე. მთავარია უფალთან მივიდეთ და გავხდეთ მონაწილენი მისი მარადიული ცხოვრების. საქორწილო შესამოსელი მონანიება, სინანულია.

ღმერთის სასუფეველში, უფალთან შეიძლება მივიდეს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც სინანულის შედეგად იცვლება. ჩვენ უნდა შევიმოსოთ განახლებული სულიერი შესამოსლით რომ გავხდეთ ღვთაებრივი ქორწილის მონაწილენი.

ადამიანი, ვისაც სინანული არ აქვს, ცხოვრების, აზროვნების შეცვლა არ შეუძლია, ის ცოდვებს ემონება. რა ცოდვითაც სცოდავს ადამიანი, იმ ცოდვის მონაა. თუ ნარკომანია, ნარკოტიკებს ემონება. თუ განმკითხველია, ამ განკითხვის მონაა, თუ ვერცხლის

მოყვარე და ხარბია, ამ ვნებას ემონება. ანუ შეკრულია ხელებითაც და ფეხებითაც“, – ბრძანა მეუფე შიომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...