მეუფე შიო: გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის მიძინება ყოვლაწმინდისა ღვთისმშობლისა, უდიდესი დღესაწაული

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მარიამობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სიონის საკათედრო ტაძარში აღასრულა.

კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სიონის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის დასრულების შემდეგ იქადაგა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის მიძინება ყოვლაწმინდისა ღვთისმშობლისა, უდიდესი დღესაწაული, როდესაც ყოვლაწმინდა ღვთისმშობელმა მიიძინა. მის მიცვალებას, მიძინებას უწოდებს წმინდა ეკლესია. თქვენ იცით, რამდენი სასწაული ახლდა ამ მოვლენას, რომ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელმა ხრწნილება არ იხილა, არამედ სხეული მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით. ასე დასრულდა მისი მიწიური ცხოვრება. გახსოვთ წინასწარმეტყველება, რომელიც მას ეთქვა, რომ იგი შობს მესიას და მახვილი გაივლის მის გულსში. ეს მძიმე, განსაცდელებით აღსასვე მიწიური ცხოვრება დასრულდა ამ დღეს.

ჩვენ ვადიდებთ ამ შესანიშნავს დღეს, ყოვლაწმინდა ღვთისმოშბელს და ვფიქრობთ, რა დაგვიტოვა მან ჩვენ, რა მცნებები და ანდერძი დაგვიტოვა. ჩვენ გვახსენდება ასევე წინასწარმეტყველება, რომელიც მას ეთქვა და რომელიც მან თქვა ასევე, რომ ყოველ სიტყვას ჩვენისა უფლისა იესო ქრისტეს, მისი ძის, ღმერთკაცის, იგი გულში იმარხავს. საერთოდ, სახარებაში მის შესახებ ძალიან მცირე რამაა ნათქვამი, მცირეა მის მიერ წარმოთქმული სიტყვები.

ჩვენ გულში უნდა ვიმარხავდეთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს, ყველაფერს და ასევე აღვასრულოთ მისი მცნებები. სახარებას ხშირად ვკითხულობთ და ხან ერთი რაღაც მონაკვეთი იმოქმედებს განსაკუთრებით ჩვენზე, ხან მეორე, ეს ყოველთვის განახლებადია და ნიშნავს, რომ უფალი ამ სიტყვებით მოგვმართავს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩავუღრმავდეთ ღვთის მცნებებს, მის სიტყვას, ვეცადოთ, განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვები, რათა მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის, დღევანდელი დღე სწორედ იმას გვეუბნება, რომ გარდაცვალება ეს არ არის რაღაც საშინელი რამ, არამედ ეს არის საგანი ჩვენი იმედისა და სიხარულისა, ჩვენი მარადიული ცხოვრების სასოებისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან საქართველო არის წილხვედრი ღვთიმშობლისა, ეს არის ნიშანი, რომ ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ჩვენს ქვეყანას და უფალმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება და გამრავლება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად