მეუფე პეტრე: ვაპირებ ბრძოლას სიწმინდის, სამართლიანობისა და მართლმადიდებლობისთვის

ვაპირებ ბრძოლას სიწმინდის, სამართლიანობისა და მართლმადიდებლობისთვის,-ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს განუცხადა. იგი მიიჩნევს, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი აქვს.

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, მას სიკვდილამდე იესო ქრისტეს მორჩილების, სახარების, წმინდა მამათა სწავლებისა და მორჩილების აღთქმა აქვს დადებული და აღსრულებას მხოლოდ რჯულის კანონის ფარგლებში აპირებს.

“სასჯელები დაწყებულია, სერიები დაწყებულია, ნებისმიერი სასჯელისთვის მზად ვარ. თეოლოგების მხრიდან მხილება მოხდა, მას სამგზის სირცხვილი უწოდეს. გაცემულია პასუხი. მე გავუგზავნე ქორეპისკოპოსს და ვთხოვე, პატრიარქისთვისაც გაეგზავნათ, თუ რამდენად სამარცხვინო იყო განჩინება კანონიკურად,”- აღნიშნა პეტრე ცაავამ.

კითხვაზე, მამა გიორგი თევდორაშვილი იმედოვნებს, რომ თქვენ მოინანიებთ და დაბრუნდებით მსახურებაში, ყოფილმა მიტროპოლიტმა ასე უპასუხა:

“მთელი ცხოვრება სინანულით უნდა გავატარო და არასოდეს მავიწყდება იოანე ნათლისმცემლის სიტყვები: “შეინანეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი”. მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს. უნდა გაგრძელდეს, ან უნდა დავისაჯო ცილისწამებისათვის, ან დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამართლის მიხედვით. ვაპირებ ბრძოლას სიწმინდის, სამართლიანობისა და მართლმადიდებლობისთვის,”- განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად