მეუფე პეტრე: ნებისმიერი სასჯელისთვის მზად ვარ

“სულიერი ცხოვრების გაგრძელებას სულის საცხონებლად ვაპირებ. არსებული პროცესის გაჯანსაღებისათვის დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ”- ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, მას სიკვდილამდე იესო ქრისტეს მორჩილების, სახარების, წმინდა მამათა სწავლებისა და მორჩილების  აღთქმა აქვს დადებული და აღსრულებას მხოლოდ რჯულის კანონის ფარგლებში აპირებს.

რაც შეეხება უწმიდესობას, მას არ დაემორჩილება.
“სასჯელები დაწყებულია, სერიები დაწყებულია, მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის. თეოლოგების მხრიდან მხილება მოხდა, მას სამგზის სირცხვილი უწოდეს. გაცემულია პასუხი. მე გავუგზავნე ქორეპისკოპოსს და ვთხოვე, პატრიარქისთვისაც გაეგზავნათ, თუ რამდენად სამარცხვინო იყო განჩინება კანონიკურად,”- აღნიშნა პეტრე ცაავამ.

კითხვაზე, მამა გიორგი თევდორაშვილი იმედოვნებს, რომ თქვენ მოინანიებთ და დაბრუნდებით მსახურებაში, ყოფილმა მიტროპოლიტმა ასე უპასუხა:

“მთელი ცხოვრება სინანულით უნდა გავატარო და არასოდეს მავიწყდება იოანე ნათლისმცემლის სიტყვები: “შეინანეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი”. მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს. უნდა გაგრძელდეს, ან უნდა დავისაჯო ცილისწამებისათვის ან დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამართლის მიხედვით. ვაპირებ ბრძოლას სიწმინდისათვის, სამართლიანობისათვის, მართლმადიდებლობისათვის,”- განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად