მეუფე ნიკოლოზი: მამა გიორგი მამალაძემ მომწერა წერილი – ვთხოვოთ ერთად იუსტიციის მინისტრს და გაათავისუფლოს

“მე რამდენადაც ვიცი, ის, როგორც პატიმარი, კეთილსინიდისიერი პატიმარია, რაც არის საფუძველი იმისა, რომ გაათავისუფლონ”.

ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გადაცემაში “სხვა ნანუკა” განაცხადა და განმარტა, რომ ცოტა ხნის წინ, დეკანოზმა მამალაძემ მას ციხიდან წერილი მისწერა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სწორედ ამ წერილიდან გაარკვია, რომ “მას სასჯელის 2/3 ვადა გაუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხება, რაც იუსტიციის მინისტრის პრეროგატივაშია”.

მამა გიორგი მამალაძემ მომწერა წერილი… არ არის დიდი ხანი რაც მივიღე, ეს წერილი ციხიდან. ვერ გეტყვით, ძალიან ზრდილობიანი წერილი იყო-მეთქი, ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ უზრდელური იყო ნამდვილად. მაგრამ უზრდელობა არ არის კრიმინალური დანაშაული. ზნეობრივი ტიპის დარღვევაა. ამ წერილში მან გააჟღერა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ალბათ, არც თქვენ იცით, რომ მას გაუვიდა სასჯელის მგონი 2/3 ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაც აღარ შედის უკვე პრეზიდენტის პრეროგატივაში და შედის უკვე იუსტიციის მინისტრის პრეროგატივაში. და მე მთხოვა ამაში დახმარება. მე რამდენადაც ვიცი, ის, როგორც პატიმარი, კეთილსინიდისიერი პატიმარია, რაც არის საფუძველი იმისა, რომ გაათავისუფლონ, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აღუთქვა თუ არა მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს დახმარება, მიტროპოლიტმა უპასუხა: “წერილი მივიღე ციხიდან… პასუხი აგერ არის, ამ წუთას რასაც გეუბნებით… მეტი რაღა დავეხმარო, ასეთი რაღაც გაგაგებინეთ და ვთხოვოთ ერთად იუსტიციის მინისტრს და გაათავისუფლოს”.

რაც შეეხება წამყვანის შეკითხვას, ხომ არ უსაყვედურებენ საპატრიარქოში ამ განცხადებების გამო, მეუფე ნიკოლოზი განაცხადა, რომ “საპატრიარქო ერთი რაღაცა არ არის.

“საპატრიარქო მე ვარ თვითონ. ვიღაცა მისაყვედურებს, ვიღაცა არ მისაყვედურებს”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები
იტვირთება...