მეუფე მელქისედეკი: შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია მამა კირიონი, მაგრამ, ხომ შეიძლება შეფასებებში ცდებოდეს?!

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედემა განაცხადა,  რომ სინოდი დავით გარეჯის საკითხე ინფორმირებული არ არის. 

აღნიშულ თემაზე მეუფე მელქისედეკმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” ისაუბრა. 

“ეკლესიის პოზიცია არ უნდა იყოს, თუნდაც მხოლოდ ერთი მოძღვრის შეფასებები. სინოდმა უნდა იმსჯელოს და ჩვენ სინოდის წევრებმა ამის შესახებ არაფერი არ ვიცით, ეს მიუღებელია ჩვენთვის. საეკლესიო კანონებისთვის მიუღებელია, ეკლესიური ტრადიციისთვის მიუღებელია”, – განაცხადა მეუფემ.

მეუფე მელქისედეკმა ასევე თქვა, რომ მხოლოდ მამა კირიონის შეფასებით არ უნდა წყდებოდეს დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას “ბედი”.

“შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია მამა კირიონი, უყვარს ძალიან, ვთქვათ, სამშობლო, უყვარს ეკლესია, უყვარს დავით გარეჯი, მაგრამ, ხომ შეიძლება მის შეფასებებში ცდებოდეს მამა კირიონი?! ხომ შეილძება მარტო მის შეფასებებზე არ იყოს დამოკიდებული ამ ორი ადამიანის ბედი?! მე მათ ამიტომ მივმართავ, რომ გაუძლონ, ყველაფერი კარგად იქნება, სამართალი აუცილებლად იზეიმებს”, – თქვა მეუფემ

მეუფემ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ნათქვამი გაიმეორა და ბოდიში მოუხადა დაკავებულ კარტოგრაფებს.

“მე მინდა ორივეს მივმართო, მე კარს ვერ გავუღებ მათ, მაგრამ მე მინდა მათ ბოდიში მოვუხადო და მე მინდა დავეთანხმო – ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ასეთი ბრალდების დაუზუსტებლად და დაუსაბუთებლად ასეთი იარლიყის მიკერება. – ძალიან საშიშ თამაშში მოვხვდით, როგორც ვაკვირდები”, – განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ: 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად