მეუფე იაკობი: მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ, ჩვენთანაც მოვიდნენ, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება

ბოდბის ეპისკოპოსი იაკობი ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოლაპარაკების სივრცედ ეკლესიას სთავაზობს.

ამ საკითხზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღევანდელი ქადაგებისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესიაში მისვლის სურვილი ამ დრომდე დაპირისპირებულ მხარეებს არ გამოუთქვამთ.

“არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს. ჩვენც ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ, ჩვენთანაც მოვიდნენ და ეკლესია ის ადგილია, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება.

ხომ ხედავენ, რომ არც ერთ მხარეს არ ჩავრეულვართ ამ არჩევნებზე. ღმერთმა ყველა დალოცოს და შევთხოვ უფალს, გონიერმა გულმა გაიმარჯვოს ქართველებში. შევხედოთ ირგვლივ, რა სიტუაციაა, საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვიძახოთ, კარგი გვინდა ქვეყნისთვისო, მაინც მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს. ჩიხურ მდგომარეობაში ძალით თუ შედიხარ, ჩიხიდან გამოსვლა არ არსებობს, რაღაც გამოსავალი უნდა ვნახოთ, თორემ მანამდეც ხშიტად ვამბობდი, რომ რთული იქნებოდა. პირდაპირ ჩანდა საითაც მივდიოდით. ჩვენ ამას შევწირეთ ყველაფერი, ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღეს, 24 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მეუფე იაკობმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, აკურთხა იაკობ მოციქულის (უფლის ხორციელი ძმის) სახელობის ტაძარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად