მეუფე გრიგოლი: თუ ეკლესიის მიმართ წაიშალა ნდობა, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ჩამოგვეშლება სახელმწიფოებრიობა

„ეკლესია არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე და თუ ჩვენ ერთეული ადამიანების შეცდომები, თუნდაც დანაშაულებრივი ქმედებების განზოგადება მოვახდინეთ ეკლესიაზე, ეს ინსტიტუცია, წმინდა ნდობის თვალსაზრისით ჩამოგვეშლება“ – ასე შეაფასა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. მისი თქმით ქრისტიან კაცსაც ეშლება, მაგრამ ამას მერე სინანული მოსდევს.

,,მე მინდა ვიფიქრო, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ ვიხილეთ, ის არის უკონტროლობა, რომლითაც ადამიანებმა თავისი თავი და ემოციები ვერ გააკონტროლეს. ასე მგონია, რომ ალბათ ბევრი მათგანი ამას ნანობს იმიტომ, რომ ამის გარეშე… ქრისტიან კაცსაც ეშლება, მაგრამ ამას მერე სინანული მოსდევს, ეს არის მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაინც სინანულის გზით დავძლევთ იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ვიმყოფებით და რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე გზას გადის, როგორც ქვეყანა, ასევე ეკლესია. შეუდარებლად დაპირისპირებულია საზოგადოება შიგნით პოლარიზებულია და სამწუხაროდ ეს პოლარიზება იჭრება ეკლესიაშიც. ეს საშიში იმდენად არის და ეკლესია იმდენად არის მოსაფრთხილებელი , რომ როგორც არაერთხელ მითქვამს , ეკლესია არის ჩვენი, საქრათველოს სახემწიფოებრივობის მესაძირკვლე, და თუ ჩვენ ერთეული ადამიანების შეცდომები, თუნდაც დანაშაულებრივი ქმედებების განზოგადოება მოვახდინეთ ეკლესიაზე და ეკლესიის მიმართ წაიშალა ნდობა და ეს ინსტიტუცია წმინდა ნდობის თვალსაზრისით ჩამოგვეშალა, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ჩამოგვეშლება სახელმწიოებრიობა და ამას მოფრთხილება სჭირდება“ – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ბოლო პერიოდში, მეუფეების მიერ ძალადობის წამხალისებელ მოწოდებებთან დაკავშირებით მეუფე გრიგოლმა განაცხადა:

„ჩემი თხოვნაა ამაზე კომენტარებს ნუ გამაკეთებინებთ , თითოეული სიტყვა ჩემი იქნება, თქვენი სხვისი იქნება თავისთავად კომენტარია იმ ადამიანის შესახებ ვინც ამას ამბობს. ეშლება , განგებ ამბობს მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობაისა, მაინც გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, პირდაპირ გაფრთხილებთ.“

კომენტარები
იტვირთება...