მეუფე გრიგოლი: მამობრივი შეგონებით გთხოვთ, განერიდეთ მავნე თვითდაჯერებულობას

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე მიმართვას ავრცელებს. მეუფის თქმით, არსებული საგანგებო მდგომარეობა, მართლმადიდებელი ქრისტიანებისგან მაღალ სულიერ წესრიგს მოითხოვს.

„ჩვენ ვემზადებით ბრწინვალე აღდგომის დღესასწაულთან შესახვედრად; ეს მზადება გულისხმობს ინტენსიურ მარხვას და ლოცვას, სინანულს თვისთა ცოდვათა გამო და განწმედას; ქრისტიანისთვის ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ღვაწლი, რაც ჩვენში აძლიერებს განსაკუთრებული სულიერი სიხარულის განცდას და გვეხმარება, რომ ვძლიოთ საკუთარ თავს და გავიმარჯვოთ წუთისოფელზე.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ჩვენს თვალწინ მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია ვირუსული პანდემიით (COVID 19), ნათლად გვიჩვენებს, რომ ვიდრე ამქვეყნად ვცხოვრობთ, კაცობრიობას მუდამ მართებს სიფხიზლე და სიფრთხილე მოსალოდნელ საფრთხეებთან მიმართებით; სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, განსაცდელი გარდაუვალი მოვლენაა და მასთან გონივრული დაპირისპირება შესაძლებელს ხდის ადამიანის სულისა და ხორცისთვის მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებას და, გარკვეულწილად, მათ თავიდან არიდებასაც კი!

დღეს არსებული საგანგებო მდგომარეობა ჩვენგან ითხოვს მაღალ სულიერ წესრიგს და დაფიქრებას იმაზე, თუ რამდენად ვართ თანხმობაში ღმერთთან და მის სწავლებასთან, მის წმიდა შეგონებებთან, რამდენად აისახება ქრისტიანული ღირებულებები ჩვენს ქმედებებში ერთმანეთთან, საზოგადოებასთან და დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობისას.

აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ გარდა ამქვეყნიურ მოვლენათა შორის არსებული პირდაპირი და თვალსაჩინო მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა, არსებობს ასევე საღმრთო განგებულება, რისი ახსნაც აღემატება ადამიანის ფიზიკურ და ინტელექტუალურ ძალებს; სულიერ ცხოვრებაში დაგროვილი გამოცდილება გვკარნახობს, რომ განსაკუთრებით ასეთ შემთხვევაში, სულიერი თვალით უნდა შევხედოთ არსებულ მდგომარეობას და კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს, საკუთარ სინდისს, გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას ღვთისა და მის მიერ შექმნილი სამყაროს მიმართ!!!

ვხედავთ, რომ ახალი ინფექციური დაავადების გავრცელება დიდ განსაცდელს უქმნის მთელ მსოფლიოს, მათ შორის, ისედაც მცირერიცხოვან ჩვენს ხალხს, ჩვენს სამშობლოს; დიდი გამოცდის წინაშე აყენებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მისი თითოეული წევრის რწმენას, მით უფრო, რომ მორწმუნეთაგან არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებული საფრთხეების შეფასების დროს; მთელ რიგ შემთხვევებში კი პანდემია აღქმულია ეკლესიასთან ბრძოლის საშუალებად; ეს და არა ერთი მსგავსი განცხადება ემსახურება საღი აზრის განდევნას ეკლესიიდან და ხელს უწყობს მის წიაღში ურთიერთ აგრესიით განმსჭვალული ჯგუფების წარმოქმნას.

მე ვხედავ, რომ შექმნილი მდგომარეობის ცალმხრივად განხილვა აპოკალიფსის ჭრილში (რასაც, ასევე, აქვს ადგილი!) გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის პატიოსან და გულწრფელ რწმენას ღვთის მიმართ და მის სულიერ ორიენტაციას; ასევე, უნდა ითქვას, რომ ის ზიანს აყენებს თვით საეკლესიო ინსტიტუციასაც!

სამწუხაროდ, არავინ იცის ამ ვირუსის (COVID 19) ბუნება, ის ჯერ კიდევ გამოუკვლეველია, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს მისი ინტენსიური შესწავლა სპეციალისტთა მიერ.

დღეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ, თუ რა რესურსი აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას საიმისოდ, რომ უმაღლეს დონეზე და მასშტაბურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და იზრუნონ ღვთისა და ერის საკეთილდღეოდ, რომელიც უნდა აისახოს ადამიანის სულისა და ხორცის სიჯანსაღისთვის ზრუნვაში.

2020 წლის 20 მარტის წმიდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ არსებული მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება: ერთ-ერთი ჩვენი ეპარქია ქვემო ქართლში უკვე სრულად მოექცა კარანტინის რეჟიმში, ხოლო მთელ ქვეყანაში კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ზოგიერთი ამას გადაჭარბებულ ზომადაც კი მიიჩნევს, მაგრამ უმჯობესია და სრულიად გონივრულიც კია დამატებითი სიფრთხილე, ვიდრე დაგვიანებული ზომები; ეს კარგად უნდა გვესმოდეს.

ქრისტესმიერო ძმებო და დებო, ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას. იმის შიშით, რომ რომელიმე თქვენგანი ვერ გაგვიგებს და, შესაძლოა, ჩვენს განკითხვაშიც ჩავარდეს, გვიჯობს ახლა განგვიკითხონ (თუნდაც უკიდურესად მწვავედაც კი!), ვიდრე შემდეგ მოგვიწიოს ჩვენი არასაკმარისი გონიერების გამო მიღებული მძიმე შედეგების (გად)ატანა.

მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვინმე სასულიეროთაგანს მიაჩნდეს თითქოს არსებული მდგომარეობა და მისგან მომდინარე საფრთხისგან მრევლის დაცვა/განრიდება ჯვარცმული ქრისტესა და ქრისტიანობის ღალატს ნიშნავს?!

მე ვკითხულობ, რა უფრო სათნოა ღვთისთვის – დასნებოვნება და იძულებით კარანტინში ყოფნა, და შესაძლოა მსხვერპლიც კი, თუ თავის თავის შეზღუდვა (თვითშეზღუდვა) თანამოძმეთა და თანამოქალაქეთა საკეთილდღეოდ და საჯანმრთელოდ?! ესაც ხომ ევქარისტიის, ქრისტესთან თანაზიარების ერთგვარი გამოვლინებაა რადგან მას საფუძვლად უდევს საკუთარი თანამოძმის, მეორე ადამიანის სიყვარული ქრისტეში?!

ძვირფასო სულიერნო შვილნო, მამობრივი შეგონებით გთხოვთ, განერიდეთ მავნე თვითდაჯერებულობას, რათა მაღალი ქრისტიანული შეგნებით და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით დავეხმაროთ ერთმანეთს იმ პირობების შექმნასა და აღსრულებაში, რაც ქრისტიანული კაცთმოყვარებით არის ნაკარნახები და არა ქრისტეს მიმართ ღალატით.

2020 წლის 20 მარტის წმიდა სინოდის დადგენილებით შეფასდა მიმდინარე მოვლენები და რეკომენდაციები მიეცა მრევლს, რაც სავალდებულოა ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, თუმცა მდგომარეობა ყოველდღე იცვლება და, შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის ეპარქიები საქართველოსა და უცხოეთში მოქმედებენ“_ ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად