მეუფე გერასიმე: ორი პატრიარქი? მე არ გამიგია, გამორიცხულია! ამის განხილვა არ შეიძლება!

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალური სატელევიზო განცხადების შემდეგ, 2019 წელის 31 ოქტომბერს საქართველოს წმინდა სინოდი შეიკრიბა. რომელსაც 46 მღვდელმთავარიდან 42 ესწრებოდა. იყო მოლოდინი, რომ სინოდი მეუფე იაკობს, გაკეთებული განცხადების გამო „დასჯიდა“, თუმცა ასე არ მოხდა.

42-მა მღვდელმთავარმა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე დასაჯა. მიზეზი კი, როგორც სინოდის წევრები ამბობენ, მეუფე პეტრეს მიერ სხდომაზე უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს უხამსი სიტყვებით მოხსენიებაა. რის გამოც ის სინოდის სხდომიდან გამოაძევეს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე “აიპრესთან” აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს დაეკისრა ის, რაც მოიმოქმედა. ბოდბელი ეპისკოპოსს კი  პატრიარქმა შენდობა მისცა და საყვედური.

_ მეუფე გერასიმე, მეუფე იაკობმა თქვენი მისამართით ბრალდება გააჟღერა

_ თქვენ როგორ გგონიათ, გამომძალველი ვარ? მეუფე იაკობს ჰკითხეთ…

_ მეუფე იაკობს სინოდის სხდომაზე ნახავდით, ხომ არ უთქვამს ან თქვენ ხომ არ გიკითხავთ, რატომ თქვა თქვენზე ასეთი ბრალდება?

_ არაფერი არ უთქვამს და არ ვიცი რატომ თქვა. მეუფე იაკობმა მოითხოვა შენდობა იმ გამონათქვამების გამო, რაც, მან გააკეთა საჯაროდ ხელისუფლების წევრებისა და სასულიერო პირების მიმართ. მაგრამ, იმის გამო რომ ის ბრძანდებოდა პატრიარქთან აღსარებაზე, რომელიც არის საიდუმლო და ვერავინ ვერ გათქვამს, ამის გამო, მას პატრიარქმა შენდობა მისცა და საყვედური. განმეორებით შემთხვევაში უფრო მკაცრი ზომები იქნება მიღებული.

_ სინოდის სხდომაში მონაწილეობა თქვენც მიიღეთ, სადაც მეუფე პეტრეს საკმაოდ მძიმე სასჯელი დაეკისრა.

_ მძიმე სასჯელს ნუ იტყვით. მეუფე პეტრეს დაეკისრა ის, რის გამოც მან ეს ყველაფერი მოიმოქმედა. ეკლესია არის ლმობიერი, მიმტევებელი.

მეუფე იაკობმა კი მოითხოვა შენდობა იმ გამონათქვამების გამო, რაც მან გააკეთა საჯაროდ ხელისუფლების წევრებისა და სასულიერო პირები მიმართ. მაგრამ, იმის გამო რომ ის ბრძანდებოდა პატრიარქთან აღსარებაზე, რომელიც საიდუმლოა და ვერავინ ვერ გათქვამს, მას პატრიარქმა შენდობა მისცა და საყვედური. განმეორებით შემთხვევაში უფრო მკაცრი ზომები იქნება მიღებული. განსხვავებით მეუფე პეტრესგან, რომელსაც ყველა თხოვდა, მათ შორის მეც, შენდობა ეთხოვა პატრიარქისაგან, მაგრამა მეუფემ არავის მოუსმინა.

_ მეუფე პეტრე სინოდის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა, ამის გამო, შეიკრიბება თუ არა სინოდი და დადგება თუ არა მისი ეკლესიიდან განკვეთის საკითხი?

_ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მეუფე პეტრეს შემდგომი ცხოვრება.
„შიომღვიმეში“ მისი წასვლა არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა. თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის თქვენც, ყველას მორჩილება გვმართებს. როდესაც არის მორჩილება წახვიდე „შიომღვიმის“ მონასტერში, უნდა დაემორჩილო. და თუ შეიძლება ეს გაიმეორეთ ხშირად თქვენთვის, მორჩილება აღმატებულია ლოცვაზე და მარხვაზე. ამ შემთხვევაში, როდესაც პატრიარქის კურთხევას არ ემორჩილება ესა თუ ის სასულიერო პირი, ეს არ ეხება მხოლოდ მეუფე პეტრეს, ეს ეხება სხვებსაც, ამ დროს ღვთის მადლი განეშორება ადამიანს.

მეუფე პეტრეს განცხადებების შეფასება მოხდა წმინდა სინოდზე, სადაც სინოდი ერთსულოვანი იყო.

მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიება დაიწყება თუ არა, ეს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ ვართ სასულიერო პირები, ჩვენ გვაქვს ჩვენი საეკლესიო სამართალი, ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება.

მეუფე იაკობის საკითხი იქნა სინოდზე განხილული, მიეცა შენდობა და მკაცრი გაფრთხილება.
სინოდის სხდომა არის დახურული და იქ განხილულ საკითხებს ჩვენ საჯაროდ ვერ გამოვიტანთ.

_ არის საუბარი, რომ არინ საქართველოს სინოდის წევრები, რომელთაც სურთ საქართველოში იყოს ორი პატრიარქი. ანუ, დასავლეთ საქართველოს პატრიარქი და აღმოსავლეთ საქართველოს პატრიარქი…

_ არა მგონია, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგონია, გამორიცხულია. დასავლეთ საქართველოში მეც ვარ ერთ-ერთი დიდი ეპარქიის მღვდელმთავარი…. გამორიცხულია! ამის განხილვაც კი არ შეიძლება. ხედავთ სამების ტაძარში და ეზოში რამდენი ხალხია, როგორ გგონიათ, ეს ხალხი  მხარს დაუჭერს ეკლესია იყოს გაყოფილი?! პირიქით, უნდა ვიფიქროთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომლებსაც დროებით ვერ ვაკონტროლებთ, ვერც სახელმწიფო და ვერც ეკლესია.

ცნობისთვის, გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს წმინდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს  აუკრძალა მღვდელმოქმედება, გაანთავისუფლა ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესა შიო მღვიმის მონასტერში მოსანანიებლად.  მეუფე პეტრემ უარი განაცხადა “შიომღვიმის” მონასტერში წასვლაზე და პატრიარქს, მარტვილის მუნიციაპლიტეტის, სოფელ ინჩხურში მდებარე მონასტერში დარჩენა სთხოვა. ილია მეორემ მეუფე პეტრეს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში მოსანანიებლად დარჩენაზე უარი უთხრა

შეგახსენებთ,  რამდენიმე დღის წინ,  ბოდბელმა მიტროპოლიტი მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს 15 მილიონის მიტანას სთხოვდნენ. მისი თქმით, შუამავალიზუგდიდისა და ცაიშის მთავარეპისკოპოსი, მეუფე გერასიმე იყო.

 

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად