მეუფე დოსითეოსი ვაქცინაციაზე: მორწმუნეებსაც აინტერესებთ, რა ხდება, სინოდი როგორ ფიქრობს

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ სავარაუდოდ სხდომაზე განსახილველ თემებს შორის ვაქცინაციის საკითხიც იქნება.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, მორწმუნეებს აინტერესებთ, რას ფიქრობს ეკლესია ვაქცინაციის საკითხზე.

„სამწუხაროდ, არ ვიცი, რა საკითხები იქნება სინოდზე გამოტანილი. ალბათ იქნება ის, რაც დღევანდელი გამოწვევაა, მათ შორის ვაქცინაცია, რადგან მორწმუნეებსაც აინტერესებთ, რა ხდება, როგორ ფიქრობს ეკლესია, სინოდი როგორ ფიქრობს. ნორმალურია რომ ეს საკითხი იყოს“, – განაცხადა მეუფემ.

კითხვაზე, დღევანდელ სინოდის სხდომაზე განიხილება თუ არა მეუფე პეტრეს განკვეთის საკითხი, მეუფე დოსითეოსი აცხადებს, რომ „არ დადგება ეს საკითხი“.

„მგონია, რომ ასე არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

ამასთან, მეუფე დოსითეოსი აცხადებს, რომ არ იცის, სინოდის დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება თუ არა პატიმრობაში მყოფი გიორგი მამალაძისა და ამასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის საკითხი.

„არც ამაზე მაქვს ინფორმაცია. არ ვიცი, დავუჭერ თუ არა მხარს, თუ კომისიის შექმნის საკითხი დადგება. თუ დადგება ეს საკითხი, მაშინ ვიფიქრებ“, – განაცხადა მეუფემ.

სინოდის სხდომა საპატრიარქოში 12:00 საათზეა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...