მეცნიერების ვარაუდით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის წყარო შესაძლოა, შხამიანი გველი იყოს

ჩინელი მეცნიერების მოსაზრებით, ახალი ტიპის კოროვირუსის წყარო შესაძლოა შხამიანი გველი იყოს,-ინფორმაციას გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.

კვლევაში, რომელიც სამედიცინო ვირუსოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნდა, სხვადასხვა მეცნიერები მონაწილეობდნენ, მათ შორის პეკინიდან, ნანინიდან, ნინბოდან, ასევე ვუხანიდან, სადაც ინფექცია გავრცელდა.

”ჩვენი დასკვნების თანახმად, გველი ინფექციის ყველაზე სავარაუდო მატარებელია”, – ნათქვამია კვლევაში.

მეცნიერებმა ვირუსის გენეტიკური კოდი ცხოველთა გენეტიკურ კოდს შეადარეს. მათი აზრით, გენეტიკური კოდექსის თვალსაზრისით, გველის ორი უახლოესი სახეობა ვირუსთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი ჩინური კობრაა. აღსანიშნავია, რომ ორივე სახეობა შხამიანია.

ჩინეთში გველებსა და სხვა გარეულ ცხოველებს ხშირად მიირთმევენ. მაგალითად, 2017 წელს, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოსახლეობის 60% -ზე მეტი ორი წლის განმავლობაში ერთხელ მინიმუმ გარეული ცხოველების ხორცს მიირთმევს.

მიუხედავად ამისა, ჩინელ მეცნიერებს აღნიშნულ საკითხზე განხვავებული მოსაზრებები აქვთ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მანამდე თითქმის ყველა ასეთი ვირუსი ადამიანებს ძუძუმწოვრებიდან, მაგალითად, აქლემებისგან გადაეცემოდა, როგორიც არის მაგალითად შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) შემთხვევა.

პეკინის ზოოლოგიის ინსტიტუტის ვირუსოლოგიის სპეციალისტის, ჩჟენ აიჰუას თქმით, მხოლოდ გენეტიკური კოდის მსგავსება ასეთი დასკვნების გაკეთებისთვის საკმარისი არ არის.

”საინტერესო ჰიპოთეზაა, მაგრამ ამის შესამოწმებლად საჭირო იქნება ცხოველთა ექსპერიმენტები”, – განაცხადა მეცნიერმა.

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 617-მდე გაიზარდა.

პნევმონიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ყველა მათგანი ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში ცხოვრობდა.

ვირუსი ჩინეთის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული. მსგავსი შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებში. აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არიან.

ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, 23 იანვრიდან ქალაქ უხანთან სატრანსპორტო კავშირები შეწყდა. ქალაქის მაცხოვრებლებს მოუწოდებენ, ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად