მესტიის მიმართულებით მოძრაობა გაიხსნა

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა,-ამის შესახებ “აიპრესს” მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.

როგორც გამგებელმა აღნიშნა, საავტომობილო გზის მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

“ცენტრალური გზა გაიხსნა, თუმცა ტრაქტორები ამ დროისთვისაც მუშაობენ ადგილზე. რაც შეეხება მესტია-უშგულის საავტომობილო გზების მონაკვეთს, იქ გაწმენდითი სამუშაოები მხოლოდ ხვალ დაიწყება, ამ მიმართულებით მცხოვრებ მოსახლეობას სურსათის პრობლემა არ გააჩნია, ყველას 2-3 თვის მარაგი აქვთ, მითუმეტეს მაღალ ადგილებში მცხოვრებ ოჯახებს. თუკი რაიმე პრობლემა შეიქმნება, შეგვატყობინებენ და საჭიროების შემთხვევაში, მივაწოდებთ შესაბამის სურსათს”,-განაცხადა ჟორჟოლიანმა.

სხვადასხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობის შეზღუდვის თაობაზე განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

ცნობისათვის, დიდთოვლობისა და ზვავის ჩამოწოლის გამო, გუშინ ზუგდიდი-მესტიის მიმართულებით გზა ხაიშიდან მესტიამდე გადაიკეტა. უხვი ნალექი ასევე დაფიქსირდა მესტია-უშგულის მონაკვეთზე, სადაც ამ დრომდე მოძრაობა აკრძალულია. სტიქიამ პრობლემები ასევე ლენტეხის რაიონში, ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე, გუდაური-კობის, მლეთა-ფასანაურის მონაკვეთებზე შექმნა, აქედან რამდენიმე მიმართულებაზე ადამიანები გზის გახსნას უკვე მესამე დღეა ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...