მესტიაში, საინიციატივო ჯგუფმა “ბიტკოინების” წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა

მესტიაში ელექტროენერგიაზე მოსალოდნელი გადასახადებისა და ე. წ. ბიტკოინების წინააღმდეგ საინიციატივო ჯგუფის გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა.

საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, მესტიაში ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა პრობლემები მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ხშირია ძაბვის ვარდნა, რამაც მათი თქმით საოჯახო ელექტროტექნიკა დააზიანა, პრობლემები შეუქმნა ტურისტულ სეზონს. საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ე. წ. ბიტკოინების უკანონო ჩართვების გამო ხდება. ადგილობრივები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურიც დაუწესონ, რაც, როგორც თვითონ ამბობენ გაუსაძლის პირობებში ჩააყენებს მოსახლეობას. მათი მთავარი მოთხოვნა მაინერების ამოღება- გაჩერებაა, რათა სრულიად სვანეთის მოსახლეობა არ დადგეს კატასტროფის წინაშე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა. მისი თქმით ხელისუფლება საქმის კურსშია და ყველაფერს აკეთებს პრობლემების აღმოსაფხვრელად. როგორც კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა, ბოლო 2 დღის განმავლობაში სვანეთის ტერიტორიაზე, ხაიშის მიმდებარედ 2000 ცალი მაიერი ამოიღო ენერგოპროჯორჯიამ და შსს მესტიის პოლიციის სამმართველომ, რამაც 2.5 მეგავატი ელექტროენერგიის გამოთავისუფლება გამოწვია. როგორც ენერგოპროჯორჯია-ში აცხადებენ, პროცესი გრძელდება და ისინი კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, მესტიის მერის განცხადებით ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყებაა ჩართული, რომ სეზონი წარმატებული იყოს.

რაც შეეხება გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს, სვანეთში გასული საუკუნის 90 იანი წლების შემდეგ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით არ იხდიან. მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით ამ ეტაპზე ეს თემა არ განიხილება .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად