მეშახტე: გამოძიება ვალდებულია ის ადამიანები დასაჯოს, რომლებიც ჩვენი შრომით ისქელებენ ჯიბეებს

2017 წლის 27 ოქტომბერს მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმავე წლის 9 მაისს, ტყიბულში მინდელის შახტაში 4 მეშახტე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შახტაში ბაგირი გაწყდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 2018 წლის 5 აპრილს მინდელის შახტაში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მეშახტე. საგანგაშო სტატისტიკა და ადამიანების დაღუპვის არაერთი ფაქტი, უბედური შემთხვევა თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ამ ტრაგიკულ შემთხვევებს კონკრეტული გმირები ჰყავთ, რომლებიც საკმაოდ მძიმე პირობებში ასრულებენ სამუშაოს.      

ჩვენი რესპოდენტი ერთ-ერთი მეშახტეა, რომელიც მინდელის სახელობის შახტაშია დასაქმებული. როგორც იგი "აიპრესთან" აღნიშნავს, ადგილზე მომუშავე ადამიანებს მართლაც უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა. დღევანდელ შემთხვევას იგი უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობას უკავშირებს და აცხადებს, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. მეშახტის განმარტებით, მათ მიერ მიღებული შრომითი ანაზღაურება შრომასთან შედარებით იმდენად დაბალია, რომ მხოლოდ და მხოლოდ საკვებში ჰყოფნით.    

სამუშაო პირობები და შრომითი უსაფრთხოება 

„სამუშაო პირობები ძალიან რთული, მართლაც უმძიმესია. დღევანდელ ცხოვრებასთან შედარებით, როგორც XXI საუკუნეში სხვა ქვეყნები ცხოვრობენ, ჩვენ ძალიან შეუფერებელ პირობებში ვიმყოფებით. ამის მაგალითია, თუნდაც ის შრომითი მექანიზმები, რითაც ნახშირი მოიპოვება და ის პირობები, რომელშიც ამ ადამიანებს მუშაობა უწევთ. ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი…

რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნორმები ბოლომდე დაცული არ არის და ხარვეზები ძალიან ბევრია. აღნიშნულ საკითხზე ვიღაცამ უნდა იზრუნოს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინტერესდნენ იმით, თუ რა პირობებში მუშაობენ ტყიბულში მეშახტეები.
პირველ რიგში, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებსაც თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოებაზე ზრუნვა აკისრიათ.
საგამოძიებო უწყებები ვალდებულნი არიან, რომ დამნაშავეები გამოავლინონ და ის პიროვნებები დასაჯონ, რომლებიც უშუალოდ ამ ადამიანების შრომაში მონაწილეობენ და მათი შრომის შედეგად მიღებული თანხით ისქელებენ ჯიბეებს. კონკრეტულად, ვისი ბრალეულობის საკითხი უნდა დადგეს, ვერ გეტყვით, ბეჟუაშვილის თუ ადმინისტრაციის რიგითი წარმომადგენლის. ეს გამოძიების საქმეა და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არის დამნაშავე, რომელიც აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

სახელმწიფოს მექანიზმები და პასუხისმგებელი პირები

სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამ ადამიანებს XXI საუკუნეში აღარ უწევდეთ ასეთ მძიმე და მავნე პირობებში მუშაობა.
ჩვენ გვაქვს ისეთი ანაზღაურება, რომლითაც ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ გამოიკვებება იმისთვის, რომ იარსებოს. ეს ანაზღაურება ადამიანებს არ აკმაყოფილებთ. ზუსტად იმდენ ხელფასს უხდის ადმინისტრაცია თანამშრომლებს, რომ ამ ადამიანებმა იკვებონ და მეშახტემ შრომა შეძლოს. ამის გარდა, სხვა ამ ადამიანებისთვის და თითოელი ჩვენთაგანისთვის არაფერი ხდება.
ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თავადაც მშვენივრად იციან, თუ რა პირობებში ავალებენ ისინი ადამიანებს სამუშაოს შესრულებას. რა თქმა ნდა, არის უკმაყოფილება, მეშახტეები და თითოეული იქ მომუშავე ადამიანი უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ ამას ოფიციალური სახე არ ეძლევა, მხოლოდ დიალოგით მთავრდება. ყოველდღე ერთი და იგივე გრძელდება.

დუმილი სიცოცხლის სანაცვლოდ – დაღუპული ათობით ადამიანი

იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩუმდებიან, სხვა გზა არ აქვთ, რადგან ამ ადამიანებმა იციან, რომ თუ არ გაჩუმდებიან, იმის იმედი არ აქვთ, რომ ვინმე დაიცავთ და გვერდში დაუდგებათ. ამიტომაც არის, რომ ისინი გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩუმდებიან და შემდეგ ბრძოლას აღარ აგრძელებენ. რა თქმა უნდა, ეს გამართლებული არ არის და რა შედეგსაც გვაძლევს, ყველა კარგად ვხედავთ“,-აცხადებს ერთ-ერთი მეშახტე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად