“მერობის შემთხვევაში მილიარდი დოლარის ინვესტიციას შემოვიტან და 100 000 სამუშაო ადგილს შევქმნი” – ინტერვიუ ანა ბიბილაშვილთან

რატომ გადაწყვიტა თბილისის მერობისთვის ბრძოლაში შესვლა სამი გამოკვეთილი ფავორიტის პირობებში და რას შეცვლის მერობის შემთხვევაში? რა არის მისი მთავარი დაპირება და რა შეიცვლება მმართველობის სტილში? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი საუბრობს:

_ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში შემოსულიყავით და ჩართულიყავით მძიმე ბრძოლაში. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სამი გამოკვეთილი ფავორიტია. სხვა კანდიდატებს არ ვაკნინებ, მაგრამ ეს ცალსახაა სოციოლოგიური კვლევებით. ამ ფონზე რა შანსი გაქვთ?

_ თქვენი შეკითხვა ორ ნაწილს მოიცავს. მე ახლა არ ჩავრთულვარ პოლიტიკაში და მანამდეც ვიყავი. როგორც კი „ლელო“ შეიქმნა, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, მაგ პერიოდიდან ჩართული ვარ პარტიის მშენებლობის პროცესში. ჩემთვის ეს ორწლიანი პერიოდი საკმაოდ დატვირთული იყო, როგორც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირი. საპარლამენტო არჩევნებშიც ვიყრიდი კენჭს მაჟორიტარი კანდიდატის სტატუსით.

რაც შეეხება თბილისის მერობის არჩევნებისთვის ბრძოლას. აქ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რამაც განაპირობა ეს გადაწყვეტილება. თითქმის ყველა საერთაშორისო კვლევა ადასტურებდა, რომ საზოგადოებაში არსებობდა მოთხოვნა ახალი პოლიტიკის მიმართ. ძალიან ხშირი იყო პასუხები, რომ უნდათ ახალი სახეები პოლიტიკაში და პროფესიონალები. საზოგადოებიდან არის ეს დაკვეთა, რაც მნიშვნელოვანია. პოლიტიკა უნდა მოერგოს ამ დაკვეთას. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ამაზე სწორ პასუხს. იმიტომ, რომ ველი მნიშვნელოვნად არის პოლარიზებული და ესეც პრობლემურია.

რასაც თქვენ ამბობთ, რომ სამი გამოკვეთილი კანდიდატია, ესეც პოლარიზებულობის შედეგია. საზოგადოებას უნდა ახალი პოლიტიკა და უნდა, რომ პოლარიზებული ველი გაირღვეს. საზოგადოების დაკვეთაში საუბარია ახალი სახეები და ის კანდიდატები, რომლებიც ახსენეთ არ არის ახალი სახეები. ისინი ახალ პერსპექტივას და ახალ პოლიტიკას ვერ სთავაზობს. ესეც სერიოზულია. რეიტინგების თუ ცნობადობის მიხედვით ვინც არიან წამოწეული წინა პლანზე მათ დღემდე არ გაუციათ პასუხი ადამიანების საჭიროებებზე და ის, რაც ქალაქს ლოკალურად აწუხებს. ისევ პოლიტიკური გადაძახილ-გადმოძახილი და პოლიტიკური კინკლაობა გვესმის, ასევე ურთიერთდაპირისპირება, აგრესია, სიძულვილის გამოხატვა და ა. შ. რაც ასევე ჩანს ბილბორდებზეც.

_ მესმის რაზეც მიანიშნებთ, მაგრამ ეს ალბათ უფრო ევროპული ტიპის მმართველობისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ჩვენ ხომ რეალობასაც უნდა მოვერგოთ და გვინდა თუ არა, ეს პოლარიზაცია მუშაობს ამ ქვეყანაში და სწორედ ის პოლიტიკა მუშაობს, რაც ახსენეთ კონკურენტებზე საუბრისას. ხომ ვხედავთ, რომ არ ხდება ევროპული ტიპის მიხედვით არჩევა, რომ პროგრამებით ხდებოდეს შეჯიბრებითობა და ა. შ.

_ კარგია, რომ თქვენ ახსენეთ ევროპული ტიპის მმართველობა და რეალობასთან შეადარეთ. საქმეც მაგაშია, რომ საზოგადოებაში არსებობს ამის მოთხოვნა, მაგრამ პოლიტიკური ველი ვერ სთავაზობდა ამას. იმიტომ, რომ 30 წლიან ჩაკეტილ წრეში მივეჩვიეთ და პოლიტიკა გამოვშიგნეთ, რეალურად შინაარსისგან დავცალეთ. ეს არის პრობლემა. შინაარსი თუ არ მივეცით პოლიტიკას, ადამიანებში უფრო გაღრმავდება ნიჰილიზმი და უიმედობის განცდა. 2 ოქტომბერს ადამიანი, რომ გაიღვიძებს, უნდა იგრძნოს, რატომ მივიდეს თვითონ არჩევნებზე. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცა ვიღაცას ვერ იტანს, ან რევანშისტული განწყობა აქვს ან ვიღაცას ვიღაცის ეშინია, არამედ უნდა იცოდეს, რომ როდესაც არჩევანს გააკეთებს, ეს შეცვლის მის ცხოვრებას. „ლელოს“ ამოცანა ყოველთვის იყო, რომ შევცვალოთ და შევიტანოთ შინაარსი პოლიტიკურ პროცესში. თუ ჩვენ თვითონ არ გადავდგით ნაბიჯი ევროპული ტიპის დამოკიდებულებისკენ, როდესაც შინაარსი აქვს პოლიტიკას და პოლიტიკოსები საკუთარ ამბიციებზე კი არ აგებენ ყველაფერს, არამედ ადამიანის საჭიროებებზე და გამოწვევებზე აქვთ პასუხები.

_ რას შეცვლის ანა ბიბილაშვილი მერობის შემთხვევაში? მაგალითად სატრანსპორტო პოლიტიკაში?

_ კარგია ამ კითხვას რომ სვამთ, მაგრამ სანამ ამ საკითხზე გადავალთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ქალაქი არის ერთი ორგანიზმი. არცერთი კომპონენტი ვერ განვითარდება ქალაქში დამოუკიდებლად და ჩვენი ხედვა ეს არის. როდესაც 9 პუნქტიანი გეგმა წარვადგინეთ, ყველა კომპონენტი ჩავსვით. დასაქმება მიბმულია სატრანსპორტო პოლიტიკაზე, სატრანსპორტო პოლიტიკა – გამწვანებაზე, გამწვანება – ადამიანების ჯანმრთელობაზე. დეცენტრალიზაცია და ქალაქში ახალი ცენტრების გაჩენა მიბმულია საინვესტიციო გარემოზე და ინვესტიციების შემოტანაზე ქვეყანაში და ისევ დასაქმებაზე. ყველაფერი კავშირშია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს ჰქონდეს მომავლის ხედვა, სტრატეგია. ეს არის ის, რომ ქალაქს ჰქონდეს გააზრებული – როგორი ქალაქი გვინდა. ეს კითხვა ოდესმე დავსვით? თქვენ რომ გახვიდეთ ადამიანებს ჰკითხოთ, როგორ ქალაქში გინდათ ცხოვრება, შესაძლოა მას გაუკვირდეს, რომ ეს ჩემთვის არავის უკითხავსო. ჩვენ გვინდა ისეთი ქალაქი, რომელიც ქმნის პერსპექტივას, სადაც ადამიანებს ეცოდინებათ, რომ მისთვის არის ადგილი – დასაქმების ადგილი, დასვენების ადგილი და ა. შ.

სატრანსპორტო პოლიტიკას რომ დავუბრუნდეთ – ვხედავთ არაჯანსაღ დამოკიდებულებას წლების განმავლობაში ხიდების, გზების თუ ესტაკადების მშენებლობის თვალსაზრისით, რაც ქალაქში არ აწესრიგებს სატრანსპორტო პოლიტიკას, პირიქით, რაც მეტ გზას დავამატებთ ქალაქს, მით მეტი იქნება ავტომობილების რაოდენობა ქალაქში. ეს გზა გაიარეს ევროპის და ამერიკის ქვეყნებმა ათეული წლის წინ. ამერიკას თითქმის 60 წლიანი გამოცდილება აქვს ამის. ჩვენ რატომ ვუშვებთ შეცდომას, როდესაც მსოფლიოს გამოცდილება გვიდევს ხელის გულზე და რაც მათ ნახევარი საუკუნის წინ გაიარეს.

სატრანსპორტო პოლიტიკას სჭირდება კომპლექსური გადაწყვეტა. პირველ რიგში, ის კი არ უნდა გაკეთებულიყო, რომ მოჭრილად მარტო ერთი ქუჩა ყოფილიყო მულტი მოდალური. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჭავჭავაძე ევროპის ტიპის მულტი მოდალური ქუჩაა, სადაც სივრცეებია კერძო ავტომობილისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ფეხით მოსიარულეებისთვის და ეკოლოგიური ველო ბილიკებიც. ეს ევროპული ტიპის ქუჩაა, მაგრამ ასე მოგლეჯილად არ კეთდება. ერთიან კომპლექსში უნდა განვიხილოთ და თუ მთელ ქალაქში ფეხით გადაადგილების ჯანსაღი შესაძლებლობა არ გვაქვს, ერთი ქუჩა რას გამოიწვევს?! ქუჩის თავში ვინც ცხოვრობს და მეორე მიმართულებით მიდის, ამ გზას დაფარავს ფეხით? – ეს ვერ მოაწესრიგებს ვითარებას.

პირველ რიგში პრიორიტეტულად უნდა იყოს მიჩნეული ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებზე მთელი ქალაქის მასშტაბით. სატრანსპორტო პოლიტიკის ამ პირამიდაში, მეორე პრიორიტეტი უნდა იყოს ალტერნატიული ეკოლოგიური ტრანსპორტი – იქნება ეს ველოსიპედი, სქროლი თუ სკუტერი. ამის შემდეგ მოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მერე ტაქსები და ბოლოს პირადი ავტომობილი.

ჩვენ თუ პრობლემას შევუქმნით პირად ავტომობილს, რაც მოხდა ჭავჭავაძეზე, ეს ამოხეთქავს და პრობლემას შეუქმნის სხვა ქუჩებს. ხელოვნურად ნაკადის შემცირება ვერ ხდება. უბრალოდ, ქალაქმა უნდა შეძლოს მიმართულებებზე გადაწყვეტილების შეცვლა. თუ შევქმნით იმდენად კომფორტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ალტერნატიულ ტრანსპორტს, ან ფეხით გადაადგილება იქნება იმდენად კომფორტული, რომ ადამიანმა ეს აირჩიოს, ნაცვლად პირადი ავტომობილისა, ადამიანი დატოვებს მას სახლში და მხოლოდ ქალაქიდან გასასვლელად გამოიყენებს. სამწუხაროდ თბილისის მმართველობა არ იზიარებს ამ გამოცდილებას და თავის ვერსიას გვთავაზობს მოწყვეტილად, ლოკალური გადაწყვეტილებებით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დამანგრეველია ამ ქალაქისთვის.

_ მეტროს მოდერნიზება ან ტრამვაის შემოყვანა თუ გაქვთ გეგმაში?

_ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავამატოთ მეტროსადგურები, მაგრამ აქაც ძალიან საინტერესოა ერთი რამე – ეს იდეა ვიღაც სხვასაც ხომ ჰქონდა, მაგრამ ნებისმიერი იდეა, ვისაც არ უნდა ჰქონდეს, ეს უნდა იყოს განხორციელებული ქალაქში. მიუხედავად პოლიტიკური და პარტიული განსხვავებულობისა. ამ დროს პარტიული განსხვავებულობა მესამე ხარისხოვანია. გვაქვს კარგი პროექტი, რომელიც წლების მანძილზე თაროზე იყო შემოდებული. ჩვენ გეგმაში გვაქვს მეტროსადგურების დამატება, მიწისზედა მეტროზეა საუბარი – დამატება დიდი დიღმის მიმართულებით და დამატება ლილოს მიმართულებით, რომელიც ქალაქის განვითარებას ხელს შეუწყობს. იმიტომ, რომ ქალაქი არ არის მხოლოდ ცენტრალური ქუჩები. მიტოვებული რაიონები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები ქალაქის განვითარებაში.

_ სხვა მიმართულებით რა გეგმები გაქვთ? ჩამოთვალეთ მოკლედ თქვენი პრიორიტეტები.

_ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ქალაქის პოტენციალის გამოყენება და საინვესტიციო პოტენციალის შეთავაზება ინვესტორებისთვის. პირველ პრიორიტეტულ ნაბიჯად განსაზღვრული გვაქვს ახალი ცენტრების შექმნა თბილისში. ახალი ცენტრები გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა მიზიდულობის ცენტრები და ეს იყოს რეგიონული თუ საერთაშორისო მასშტაბის სივრცეები და ამ კონცეფციას პირობითად დავარქვით „ქალაქი ქალაქში“. მსოფლიოში აღიარებული მეთოდია ფინანსური ცენტრის შექმნა და მისი ერთად თავმოყრა სხვადასხვა ფუნქციებისა, რომელიც შემოიყვანს საერთაშორისო ორგანიზაციებს და განათავსებს აქ. შემოიყვანს ინვესტორებს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ასეთი ლონდონი სითი, არის ასეთი მოდელები ფრანკფურტსა და პარიზში. ბევრი ქალაქი გადავიდა ამ მოდელზე და მიიზიდა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიები და განთავსდა ერთიან სივრცეში. თბილისს ეს პოტენციალი გეოგრაფიულად და ისტორიულადაც გააჩნია. არის ასევე კულტურული, სამოდელო და ფესტივალების ცენტრი. ასევე შეიძლება იყოს ტექნოლოგიური და ინოვაციების შექმნა. საკმაოდ აქტიური ახალგაზრდები გვყავს აიტი ტექნოლოგიებში და შეგვიძლია ვიყოთ ექსპორტიორი.

აეროპორტს შეუძლია ლოგისტიკური ჰაბის შექმნა, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის მარტივად. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სხვადასხვა საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებთან მოლაპარაკება და შეგვიძლია ამის გაკეთება. აეროპორტის გზაზე განთავსდება „ამაზონი“ თუ სხვა საერთაშორისო კომპანიები. კინოინდუსტრიის ისტორიული გამოცდილებაც გვაქვს, უბრალოდ მიტოვებულია ახლა და შეგვიძლია მისი განვითარება. ასევე შეგვიძლია სამედიცინო ცენტრის შექმნა. დიღომში გვაქვს ერთი ქუჩა, სადაც თავმოყრილია საავადმყოფოები. ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქი თვითონ აშენებს, არა ასე არაა. ქალაქი სთავაზობს პარტნიორობას და მისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს.

ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ამ ქალაქს აკლია, არის გადაწყვეტილებების საჯაროობა. ყველაზე მძიმედ მოქმედებს იმ კორუფციასა და ნეპოტიზმზე, რომელმაც სამწუხაროდ ფესვები გაიდგა თბილისის თვითმმართველობაში. ამის აღმოფხვრის საუკეთესო საშუალება გამჭვირვალობა და ჯანსაღი კონკურენციაა. გადაწყვეტილების მიღების სადავეები უნდა მივანდოთ პროფესიონალებს. თუ ეს არ გავაკეთეთ, გადაწყვეტილება დიდი ალბათობით იქნება არასწორი, შესაძლოა გამართლების პრინციპით ვიღაცას შემთხვევით სწორი გამოუვიდეს. ამიტომაც, ქალაქის მართვა უნდა იყოს ღია. რაც შეიძლება ბევრი პროფესიონალი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი წვდომა და ჩართულობის შესაძლებლობა. მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებული მმართველობაა გამოსავალი. ამ კონცეფციაში მოვიაზრებთ რაც შეიძლება მეტ ჩართულობას, გამჭვირვალობას, ჯანსაღ კონკურენციას, ინვესტორებთან პარტნიორობას და საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი გრძელვადიანი ხედვით სულ მცირე 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა ქალაქში. 100 000 სამუშაო ადგილი შეგვიძლია შევქმნათ ამ ქალაქში და მინიმუმ ორჯერ გავზარდოთ თბილისის ბიუჯეტი. ვთანხმდებით, რომ დღევანდელი ბიუჯეტი არ არის საკმარისი ამხელა ქალაქისა და მისი მაცხოვრებლებისთვის, რათა მათი მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული და განვითარდეს ეს ქალაქი. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ხედვა რაც შეიძლება კარგად მივაწოდოთ ადამიანებს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუჩინოთ სურვილი, რომ მოვიდნენ არჩევნებზე.

_ პროგრამა ვებ-გვერდზე გიდევთ?

_ დიახ, პროგრამა დევს სოციალურ ქსელში ჩვენს გვერდზე, ასევე ბეჭდური სახითაც გვაქვს და მას ვარიგებთ. სხვათა შორის მოქალაქეებში არის დაინტერესება, რაც ნამდვილად დამაიმედებელია. ადამიანებში უკვე არის ინტერესი პროგრამის მიმართ. ჩნდება კითხვები, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. დეტალებზე ისმევა ხოლმე მკვეთრი კითხვები. მიხარია, რომ საზოგადოებაში ასეთი ინტერესი არსებობს. კარგია, რომ ჩვენ გუნდს წარდგენილი გვაქვს ქალაქის განვითარების სტრატეგია და ხედვა.

_ ბოლოს ერთი წინადადებით თქვით მთავარი გზავნილი ამომრჩევლისთვის – რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი?

_ ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატივას, ჩვენ ვთავაზობთ ახალი ტიპის პოლიტიკას, სადაც უპირველესი ღირებულება არის ადამიანი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, უნდა ემსახურებოდეს ადამიანს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...