მერკელი: მინსკის შეთანხმების შესრულებამდე ანტი-რუსული სანქციები ძალაში დარჩება

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, სანამ რუსეთი მინსკის შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, სანქციები ძალაში დარჩება. ამის შესახებ მან ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო TASS ავრცელებს.

“სანამ პროგრესს არ მივაღწევთ, სანქციები არ მოიხსნება”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიისა და უკრაინის ლიდერებს შორის მჭიდრო კავშირი მომავალშიც გაგრძელდება.

დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

სახელმწიფო მეთაურები ორივე დელეგაციის წარმომადგენლებს მიესალმნენ და ასევე ქვეყნის ჰიმნები მოისმინეს.

აღნიშნულის შემდეგ ვლადიმირ ზელენსკიმ და ანგელა მერკელმა მოლაპარაკებები გამართეს.

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიაში ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა.

ორშაბათს, 17 ივნისს, უკრაინის ლიდერი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პირველ პირს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მხარდაჭერის იმედი აქვს.

უკრაინის პირველი პირის თქმით, ანგელა მერკელს დიდი გამოცდილება აქვს და “ძლიერი პიროვნებაა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...