მერიაში ტურისტული კუთხით არსებული პრობლემები კერძო სექტორთან განიხილეს

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ბერეკაშვილი ტურიზმის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.სამუშაო შეხვედრა მერიის პროგრამის "თბილისი-ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი" ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, განათლების სამინისტროს, ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის და ტურისტული ინდუსტრიის  სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს. 

როგორც მერიაში განმარტავენ, სამუშაო შეხვედრის მიზანი თბილისში ტურისტული მიმართულებით არსებული პრობლემებისა და სამომავლო ტურისტული პროექტების განხილვა იყო. შეხვედრის მონაწილეებმა ტურისტული ობიექტების სერვისის ამაღლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირების გადამზადება, ტურისტული ავტობუსებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები.

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა  შეხვედრის მონაწილეებს მერიის მიერ დაგეგმილი პროექტები გააცნო  და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა იმ ახალ პროექტსა და ინიციატივას, რომელიც თბილისის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

"შეხვედრის შედეგად გამოკვეთილ პრობლემებზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება და ამ მიზნით მიმდინარე და სამომავლო სამოქმედო გეგმაში შესაბამისი კორექტირება იქნება შეტანილი. მსგავსი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. დარგის მოთამაშეებთან უწყვეტი კომუნიკაცია მიზნობრივი პროგრამების მომზადებისა და განხორციელების საშუალებას მოგვცემს", – განაცხადა ირაკლი ბერეკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...