მერაბიშვილი: ამ ხელისუფლებამ თავისი რესურსები ამოწურა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს, კონკრეტულად რომელ პარტიას შეუერთდება.

ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შემოდგომაზე, არჩევნების გზით აუცილებლად შეიცვლება და ის ამ პროცესის აქტიური მონაწილე იქნება.

„გითხარით, რომ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად რომელ პარტიაში გავერთიანდები, მაგრამ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა გადაწყვეტილი მაქვს. ამდენი წლის განმავლობაში იზოლაციაში ვიყავი, როდესაც ციხეში პატიმრობაში მოვხვდი, მაშინ ორი პარტია: „ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ ერთიანი პარტია იყო. პრაქტიკულად, იმ განცდით ვარ დღესაც იმიტომ, რომ ჩემი ბოლო მეხსიერება არის ის დრო, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა პარტიის გაყოფა რომ არ მომხდარიყო, მაგრამ ამის მსაჯული არ ვარ. ორივე პარტიაში ჩემი მეგობრები არიან. მჭირდება გარკვეული დრო, რომ ჩამოვყალიბდე, გავერკვე, დავილაპარაკო, რა აქვთ მათ საერთო, განსხვავებული, თუმცა ერთი რამ ვიცი, რომ ორივე პარტიას საერთო ძალიან ბევრი აქვთ. მოხარული ვარ, რომ დღეს პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია და არა მარტო ოპოზიცია, ქართული საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმ აზრზე, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამ ხელისუფლებამ თავისი რესურსები ამოწურა, მან თავისი დადებული პირობები არ შეასრულა და პრაქტიკულად, ხელისუფლებაში მათი არსებობა პრობლემას ქმნის. ვფიქრობ, ეს ხელისუფლება შემოდგომაზე, არჩევნების გზით აუცილებლად შეიცვლება. ყველაფერი ძალიან წყნარად ჩაივლის. მინდა გითხრათ, რომ ყველა ამ პროცესში ერთერთი მთავარი აქტიური მონაწილე ვიქნები, მაგრამ ყველაზე მიუკერძოებელი და პირადი ინტერესები არ მექნება“,-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა  გადაცემაში „მთავარი აქცენტები“.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად