მერაბ ტურავა: მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიგვიღია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის შემადგენლობამ, რომლის თავმჯდომარე მერაბ ტურავა, ხოლო წევრები ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი იყვნენ, დააკმაყოფილეს საქართველოს მოქალაქეების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და მარიხუანას მოხმარებისთვის კანონით არსებული ყველა სასჯელი გააუქეს, რასაც ქვეყანაში არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა.

 

ჰქონდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს რისკები გათვლილი, რაც შესაძლოა მათ გადაწყვეტილებას მოყვეს, ამასთან დაკავშირებით „აიპრესი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას დაუკავშირდა, რომელმაც ქვეყანაში მარიხუანას მოხმარებაზე დეკრიმინალიზაცია გამოაცხადა. 

– გუშინ რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღეთ, რატომ წახვედით ამაზე?

მე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს არ მაქვს უფლება გადაწყვეტილებას ინტერპრეტაცია მივცე. 

– დღეს, პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, სადაც წერს, რომ "ეს ფაქტობრივად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და გასცეს მაშინ პასუხი მოსახლეობას მთელს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საკონსტიტუციო სასამართლომ". ხომ არ ნიშნავს, ეს რომ საკანონმდებლო ორგანო და საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით ერთმანეთს დაუპირისპირდა?

ეს კომენტარი არ წამიკითხავს. ამიტომ პასუხს ვერ გაგცემთ, აუცილებლად გავეცნობი და ჩემს აზრს დავაფიქსირებ.

– თქვენი გადაწყვეტილებით, საზოგადოება ორად გაიყო… 

ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვღებულობთ ისე, როგორც სამართლებრივად სწორია, დანაჩენი რა მიგვაჩნია, საზოგადოების აზრი, დეპუტატების გამონათქვამები, ამაზე ჩემი კომენტარის გაკეთება სწორი არ არის. ამ კითხვებზე ვერ გიპასუხებთ. ყველაფერი რასაც ფიქრობს და როგორ სწორედაც მიაჩნია მოსამართლეს, ამას გადაწყვეტილებაში ვწერთ. პოზიციები და შეხედულებები, რაც გამოითქმება საზოგადოების და პოლიტიკოსების მხრიდან ეს ჩვენი მხრიდან არ ექვემდებარება კომენტარს.

– როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობდით თქვენ და ის მოსამართლეები, რომლებმაც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოაწერეთ ხელი, გქონდათ თუ არა ის რისკები გათვლილი, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოყვეს?

ჩვენ გადაწყვეტილებას ერთ დღეში არ ვღებულობთ და რა თქმა უნდა, არც ერთ საათში. გადაწყვეტილების მიღების წინ ბევრს ვფიქრობთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვღებულობთ გადაწყვეტილებას. არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღება თუ ჩამოყალიბებული არ ვართ, ჩვენ არ ვღებულობთ გადაწყვეტილებას სპონტანურად, მოულოდნელად და დაუფიქრებლად. გადაწყვეტილება მიიღება გარკვეული ინფორმაციების მიღების, შესწავლის და გაანალიზების შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი ანალიზის, კვლევის და ძიების შედეგად, სადაც ყველაფრის გათვალისწინება ხდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო დონეზე. სამართალი, კონსტიტუცია… ჩვენ არასდროს ვღებულობთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას.

– ანუ, თქვენ ჩათვალეთ, რომ ამ ეტაპზე მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციისთვის მზად იყო საქართველო?

მე ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ. იმის გამო, რომ ყველაფერი რაც მე უნდა ვთქვა, წერია გადაწყვეტილებაში.

შეგახსნებთ, 2018 წლის 30 ივლისს  საკონსტიტუციომ მარიხუანას მოხმარებისთვის კანონით არსებული ყველა სასჯელი გააუქმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად