მერაბ გაბინაშვილი: ლევან მურუსიძეს დღესაც აქვს ნდობის ლეგიტიმური მანდატი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მერაბ გაბინაშვილმა გადაცემა „კურიერში“ ლევან მურუსიძის არჩევის მართებულობაზე ისაუბრა და მიიჩნევს, რომ საბჭომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამდენი ადამიანის შეკრებას მოსამართლის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ გამოხატული ყოველგვარ ზღვარ გარღვეული სასამართლო ხელისუფლების ლანძღვა უწოდა.

„ვერ გეტყვით რატომ შეიკრიბა ამდენი ადამიანი ლევან მურუსიძის წინააღმდეგ, მაგრამ გეტყვით, რომ ამდენი ადამიანის შეკრება მოსამართლის წინააღმდეგ ეს არის უპრეცედენტოდ გამოხატული ყოველგვარ ზღვარ გარღვეული ლანძღვა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, იმიტომ რომ ნებისმიერი მოსამართლის გალანძღვა ეს არის სასამართლო ხელისუფლების ლანძღვა. 

ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუცია, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ხელისუფლების შტო როგორიც არის სასამართლო ხელისუფლება, მოქმედებს ძალიან მკაცრად გაწერილი რეგლამენტის და ძალიან მკაცრად გაწერილი დისკრეციის ფარგლებში, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოც, რომელთა შესრულება არის სავალდებულო, ეს ყველამ უნდა იცოდეს.

მე მინდა ვთქვა, რომ იუსტიციის საბჭომ ზუსტად ამ დისკრეციის ფარგლებში მიიღო გუშინ ის გახმაურებული გადაწყვეტილება, რომელზედაც დღეს ამდენი საუბარია და მიიღო ეს გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად. ჩვენ გვინდა ისეთი იუსტიციის საბჭო, რომელიც დაემორჩილება ზეგავლენებს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ქუჩაში მიიღება ან რომელიმე პოლიტიკური პირების კაბინეტებში, რომლებსაც საერთო არაფერი არ უნდა ჰქონდეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან?

მე მგონი, რომ საზოგადოებას არ ჭირდება ასეთი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საზოგადოებას ჭირდება კონსტიტუციით გარანტირებული ორგანო, რომელსაც აქვს დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი ხარისხი და აი, ამ ძალიან მაღალი ხარისხით ის იღებს გადაწყვეტილებებს,“ – ამბობს მერაბ გაბინაშვილი.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ მოსამართლეთა კონფერენციამ ისევე როგორც ორიოდე წლის წინ ლევან მურუსიძე არჩეულ იქნა უმაღლესი საბჭოს მდივნად, ზუსტად იგივე ლეგიტიმაციით.

„უფრო მეტიც ყველა მოსამართლემ, რომელიც ამ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას ცალსახად დაადასტურა, რომ ისინი მხარს უჭერენ ლევან მურუსიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად მუშაობის და მოღვაწეობის გაგრძელებას. ლევან მურუსიძეს დღესაც აქვს ის ნდობის მანდატი და მოსამართლეთა მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია, რომ ასეთმა ადამიანმა გააგრძელოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივნის პოზიციაზე მუშაობა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად