მენაბდე: უკანონო არაა, მაგრამ მკვლელობისთვის შეწყალება პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია, ეს სხვა საკითხია

“პრეზიდენტის შეწყალებაში უკანონო არაფერია, მაგრამ მკვლელობისთვის შეწყალება პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია, ეს სხვა საკითხია”, – ამის შესახებ “აიპრესს” საიას იურისტმა ვახუშტი მენაბდემ პრეზიდენტის ხმაურიან შეწყალებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მენაბდე ამბობს, რომ ჩვენი პრეზიდენტები შეწყალების მხრივ ძალიან აქტიურები არიან. მისი თქმით, არის ქვეყნები, რომელთა პრეზიდენტებიც გაცილებით ნაკლებად იყენებდნენ ამ ინსტრუმენტებს

„შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მისი კონსტიტუციური თავისუფლებაა. ეს ნიშნავს იმას, რომ მას არც რაიმე კომისიური წესი სჭირდება და ა. შ. როდესაც პრეზიდენტების მიერ იქმნებოდა კომისიები, ეს უბრალოდ მათი გადაწყვეტილება იყო და მათ არაფერი ავალდებულებდათ ამას. უზენაესი კანონის თანახმად, პრეზიდენტს აქვს შეწყალების შესაძლებლობა. ეს პრინციპი კონსტიტუციურად აღიქმება როგორც შეკავებისა და გაწონასწორების სისტემაში პრეზიდენტის დამაბალანსებელი ინსტრუმენტი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ.

მეორე საკითხია, ამას პრეზიდენტები როგორ იყენებდნენ და რა პოლიტიკას მიმართავდნენ. ჩვენი პრეზიდენტები შეწყალების მხრივ ძალიან აქტიურები არიან. არის ქვეყნები, რომელთა პრეზიდენტებიც გაცილებით ნაკლებად იყენებდნენ ამ ინსტრუმენტებს. ჩვენი პრეზიდენტები ამას საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ ხოლმე.

საზოგადოებისა და პოლიტიკური შეფასების ნაწილია, რამდენად სწორი თუ არასწორია მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალება. უკანონო ამაში არაფერია. კანონთან შესაბამისობაშია, უბრალოდ რამდენად არის პოლიტიკურად გამართლებული და რამდენად მიზანშეწონილია კონკრეტული პირის მიმართ შეწყალების მექანიზმის გამოყენება, ეს უკვე სხვა საკითხია“, – თქვა ვახუშტი მენაბდემ „აიპრესთან“.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ცნობისთვის: 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მაშინვე ცნობილი გახდა ის, რომ პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა 22 წლის პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძეც.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად