“მელიამ რომც მოიგოს, ფრთებდაჭრილი მერი იქნება” – ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დამნაშავეა, მაგრამ მის საქმეში დიდი დოზით არის პოლიტიკური მოტივაცია და ამის ნათელი დასტური იყო პრემიერის განცხადება, რაც მისი აზრით ამის პირდაპირი აღიარება იყო.

სოსო ცინცაძე რევოლუციური სცენარის განვითარებასაც გამორიცხავს და ამბობს, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში რევოლუციონერები არ არიან, ერთადერთი სააკაშვილი და ისიც ციხეში. მისი აზრით, „ოცნება“ რევოლუციით ძალაუფლებას არ დათმობს და თუ სააკაშვილი ხალხს აიყოლიებს, მაშინ ისეთი სისხლისღვრა იქნება, 20 ივნისის მოვლენები იმასთან თამაშად მოგვეჩვენება.

ვინ არის სააკაშვილი – პოლიტპატიმარი თუ დამნაშავე? რას ელოდება მეორე ტურებისგან? და არსებობს თუ არა რევოლუციური სცენარის განვითარების შესაძლებლობა? – ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში სოსო ცინცაძე საუბრობს:

_ ვინ არის სააკაშვილი – დამნაშავე, პოლიტპატიმარი თუ ორივე ერთად?

_ სააკაშვილი რასაკვირველია არის დამნაშავე, მაგრამ მის დაპატიმრებაში დიდი ხვედრითი წონა უკავია პოლიტიკურ ფაქტორს. იცით რაშია საქმე? – ხელისუფლების მხრიდან არაიურიდიული განცხადებები თავის როლს ასრულებს. მხოლოდ პროკურორს შეუძლია თქვას, რომ ახალ მუხლებს წაუყენებს. მაგრამ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც არც უნდა იცოდეს საქმის მსვლელობა, ამის უფლება არ აქვს, რომელმაც თქვა, რომ ახალ მუხლებს წაუყენებს.

_ ეს დადასტურება იყო, რომ ხდება პოლიტიკური მოტივაციით გასამართლება?

_ გარდა ამისა, ყველაფერს რომ თავის დავანებოთ, არ არის აქ მთავარი ღარიბაშვილმა რა თქვა. მთავარი ის არის, რომ ტოტალური უნდობლობაა ჩვენი სასამართლოს მიმართ, ამიტომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არსად არ სარგებლობს ნდობით. როგორც მინიმუმ შეიძლება თქვას, რომ ეს უსამართლო განაჩენია, მაგრამ როგორც მაქსიმუმი არის ის, რომ ეს პოლიტიკური მოტივაციაა.

ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს ვიცოდით პოლიტპატიმრები, როდესაც დისიდენტებს აპატიმრებდნენ. იგივე ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას. ის სხვა იყო. იქ არავითარი ეჭვი და სხვა მომენტი არ არსებობდა. დღეს, ჰიპოთეტური სიტუაცია რომ ავიღოთ, ვთქვათ სააკაშვილს ასამართლებენ ინგლისში, ჩვენ პროკურორს იქ ძალიან გაუჭირდებოდა იმის დამტკიცება, რომ ეს არ არის პოლიტიკური სასამართლო.

ხომ გვახსოვს ვითარება, როდესაც ჩვენ ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს ასამართლებდნენ საფრანგეთში ასამართლებდნენ. მახსოვს, როგორ ქილიკობდა მაშინ ფრანგული პრესა, პროკურორს კითხვებს რომ უსვამდა კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატი, ის სისულელეს პასუხობდა, რომ დავრეკავ თბილისში, შევეკითხები და მერე გაგცემთ პასუხსო. მაშინ წულუკიანი თავს იმართლებდა, რომ რა ვქნათ, ჩვენი მართლმსაჯულება ევროპულ დონეზე ჯერ არ არის და შეჩვეული არ არის ევროპულ სასამართლოსო. თუ კეზერაშვილთან მიმართებაში არ არის ჩვენი სასამართლო ევროპულ სასამართლოს, ცივილიზებულ – სამართლიან სასამართლოს, ეს ავტომატურად გადმოდის სააკაშვილზე.

_ აქცია გაიმართა სააკაშვილის მხარდასაჭერად, რა გითხრათ თქვენ ან ამ აქციამ?

_ 100 და 200 ათასიანი აქციები არ არის იურიდიული არგუმენტი. ამით შეიძლება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა გაძლიერდეს სამართლიან სასამართლოზე, მაგრამ ჯერ ერთი ამ სასამართლოსაც არ უთქვამს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა საზღვრის უკანონო კვეთაზე და მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება ეს თქვას. ამიტომ, დღეს პირდაპირ საოცარია და „ოცნების“ დეპუტაციას ღირსებას არ მატებს, როდესაც ამბობენ, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მაგრამ იმაში ხომ დამნაშავეა, რომ საზღვარი გადმოკვეთაო. სად არის აქ უდანაშაულობის პრეზუმფცია?!

დღეს სააკაშვილი მხოლოდ ეჭვმიტანილია, ხოლო იმ ორ საქმეზე, რაზეც განაჩენი გამოტანილია, ისიც კი ეჭვქვეშ დგას ჩვენი სასამართლოს დამსახურებით. იმიტომ, რომ მის მიმართ ნდობა არ არსებოს. ეჭვი ჩნდება, რომ ის იყო პოლიტიკური განაჩენი და არა სამართლებრივი. ამის მტკიცება ოპოზიციას შეუძლია. აქ პოლიტიკური ფაქტორი ძალიან ძლიერია.

_ მეორე ტურებისგან რა მოლოდინი გაქვთ? რას ელოდებით პირადად თქვენ?

_ რა არის იცით? – მე უკვე იმ ასაკში ვარ და ისეთი გამოცდილება მაქვს, რომ სიურპრიზების არ მჯერა.

_ მეორე ტურებში ოპოზიციის გამარჯვების არ გჯერათ?

_ მმართველი პარტია დედაქალაქს არავითარ შემთხევაში არ დათმობს.

_ დიდ ქალაქებს?

_ დიდ ქალაქებსაც. მაგალითად ზუგდიდსაც არ დათმობს. მაგრამ, ზუგდიდში სხვაობა ძალიან დიდია. იქ საკრებულოში თანაფარდობა ასეთია, რომ 15/16-ზე. აქედან 3 გახარიას პარტიის წევრია და „ოცნებას“ შეუძლია ისინი მოისყიდოს, რასაც კობახიძე პოლიტიკურ პროცესს უწოდებს. კობახიძე სწორია ამ შემთხვევაში, არჩევნების დროს დეპუტატების მოსყიდვა-გადაბირება ყველგან ხდება სხვადასხვა ფორმით. ზოგან უხეშად, როგორც საქართველოში, ზოგან კი ელეგანტურად, თეთრი ხელთათმანებით, როგორც ეს ხდება ევროპასა და აშშ-ში.

ხელისუფლებისთვის უარეს შემთხვევაში შეიძლება მელია გახდეს ქალაქის მერი, მაგრამ საკრებულოს უმრავლესობა თუ მერიის ოპოზიცია იქნება და ეს უმრავლესობა ექნება მმართველ პარტიას, მაშინ ასეთი მერი ფრთებდაჭრილი არწივი იქნება, ბიუჯეტს არ დაუმტკიცებენ, გააწამებენ და აიძულებენ გადადგეს, ან შეიძლება იმპიჩმენტიც მოუწყონ. იმიტომ, რომ საკრებულოს ბევრი რამე შეუძლია. ბიუჯეტი მის ხელშია. თუმცა, პოლიტიკაში ზოგჯერ ხდება საოცრებები, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ეს მოხდება.

_ რევოლუციურ სცენარს არ ელოდებით?

_ არ იქნება, რადგან რევოლუციონერების გარეშე რევოლუციური სცენარები არ ხდება. რევოლუციონერი არის სააკაშვილი, ის რომ გარეთ იყოს, მაშინ შეიძლება.

_ ციხიდან ვერ შეძლებს?

_ შეიძლება სააკაშვილმა ციხიდან აიყოლიოს ხალხი, მაგრამ ეს არ არის შევარდნაძის ეპოქა. მაშინ აქ იქნება სისხლისღვრა, მაგრამ რევოლუციით არ დათმობს მმართველი პარტია ხელისუფლებას. მაგრამ, იქნება ისეთი სისხლისღვრა, რომ 20 ივნისის თვალების დათხრა მოგვეჩვენება საბავშვო ბაღის თამაშად.

_ ელოდებით ამას, რომ შესაძლოა ეს სცენარი ვნახოთ?

_ არა მგონია. კი, შეიძლება ხალხი გამოიყვანო ქუჩაში მშვიდობიან აქციაზე, მაგრამ რევოლუციას სხვა ხალხი სჭირდება, სხვა მუხტია საჭირო. ცნობილი გამოთქმაა, რომ რევოლუციას ფანატიკოსები ასრულებენ. დღეს ჩვენ პოლიტიკაში ფანატიკოსებს ვერ ვხედავ.

_ იდეალისტებიც არ არიან?

_ უკვე იდეალისტებიც არ არიან. შევარდნაძის დროს დამთავრდა ეს ეპოქა – აღარც იდეალისტები არიან და აღარც რევოლუციონერები და კლასიკური გაგებით პოლიტიკოსებიც აღარ არიან უკვე. ხალხი ბრბოდ არის ქცეული. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ეკონომიკური სიდუხჭირე მხოლოდ სამზარეულოში ბუზღუნს იწვევს. ქუჩაში ხალხი არ გამოსულა ამის გამო. თუ გახსოვთ, 5 წლის წინ სომხეთში გაზი გაძვირდა კაპიკებით და მთელი ერევანი ქუჩაში გამოვიდა სარგსიანის ხელისუფლების წინააღმდეგ. შარშან ჩვენთან გაზი გაცილებით მეტად გაძვირდა, ვიდრე მაშინ სომხეთში, მაგრამ კაციშვილი ქუჩაში არ გამოსულა. ხალხმა ხელისუფლება იმაშიც კი ვერ აიძულა, რომ ბენზინზე აქციზი განახევრდეს, რომ ცოტა დაიწიოს ფასებმა, ამას ამბობს თითქმის ყველა ეკონომისტი, რომ ეს გამოიწვევს ბენზინის ფასის შემცირებას. ამის თაობაზე გამოვიდა ვინმე ქუჩაში?

ჩვენთან შიმშილის გამო ქუჩაში არ გამოდიან და რევოლუციების უდიდესი ნაწილი ეს არის დამშეული ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი და გამოდის ქუჩაში. როგორც იყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია ან რუსეთში თებერვლის (და არა ოქტომბრის) რევოლუცია – ცარიელა ქვაბების რევოლუცია. ქალები გამოვიდნენ ცარიელა ქვაბებით და ჯარმა ქალებს არ ესროლა, ამიტომაც ის იყო ყველაზე უსისხლო რევოლუცია, მერე ამას მოჰყვა ოქტომბრის გადატრიალება, რაც აბსოლუტურად სხვაა.

ჩეხეთში ხელისუფლება შეიცვალა ახლა და მიზეზად დასახელდა ის, რომ კორონავირუსს ვერ მიხედა კარგადო. ჩვენთან კორონასთან დაკავშირებით რა ამბავია ხომ ვხედავთ, მაგრამ არის პროტესტი ამის თაობაზე?! პასუხსაც კი არავინ აგებს. გამყრელიძისთვის ერთი საყვედურიც კი არ უთქვამს პრემიერს. აგერ გამოქვეყნდა, რომ გამყრელიძე პურმარილებზე და ქეიფებზეა ნიღბის გარეშე. ამის მერე ვინღა დაუჯერებს მას, მაგრამ მას ვინმე საყვედურობს?! ხედავთ, რომ გუშინ აცრა 2000 იყო, არადა გამყრელიძე გვპირდებოდა, რომ 30 000 იქნებაო.

ამიტომ მე რევოლუციას არ ველი. გამორიცხულია, არ იქნება. სოციალური პროტესტები არ არის. არჩევნების გაყალბებაზე ხალხის გამოსვლა სოციალური პროტესტი არ არის, პოლიტიკურია.

სააკაშვილის თემას რომ დავუბრუნდეთ. პრეზიდენტებთან დაკავშირებით ცუდი მიდგომა გვაქვს, ორს სდევნიდნენ, ერთს არაფერს ეკითხებოდნენ და შესაძლოა ზვიად გამსახურდიას სიკვდილმა ციხეს გადაარჩინოს სააკაშვილი. ეს შეიძლება მოხდეს, ვინაიდან ის შიმშილობს და რამე რომ დაემართოს, ამას „ოცნებაც“ ვერ გაუძლებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...