მელია: არანაირი მოსამართლე არ არის, მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული, შიგნით კი “ოცნების” მაისური აცვია

არ არის ეს ადამიანი მოსამართლე. ეს არ არის სასამართლო და შეუძლებელია სასამართლოს პატივი სცე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის სასამართლო პროცესიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

მელია ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რა ჩათვალა მოსამართლემ შეურაცხყოფად და რატომ გამოაძევა ის სასამართლო დარბაზიდან. მელიას თქმით, თუ ვინმეს რამე ეწყინა ცივი წყალი დალიოს.

“არ ვიცი რა ჩათვალა შერაცხყოფად მოსამართლემ. ის მოსამართლე არ არის, მე მას დარბაზიდან გამოსვლამდე სიმართლე ვუთხარი. ხალხო, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს, სანამ ჩვენ არ შევეჩვევით სიმართლის თქმას, არაფერი არ გვეშველება. არანაირი მოსამართლე არ არის, მას აქვს შემოცმული მოსამართლის მანტია, სინამდვილეში შიგნით აცვია ქართული ოცნების მაისური. ასეთები არიან აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო და უზენაეს სასამართლეობში.

ამის ნათელი დადასტურებაა ის პროცესი, რაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს და როდესაც ზონდერმოსამართლეები მოდიან და მათ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას უპირებს ბიძინა ივანიშვილი. თხოვნის მიუხედავად, რომ ჩემთვის სამაჯურის მოხსნაზე შუამდგომლობა დროულად განეხილა, არ განიხილა და გადადო დროში. ეს ვთხოვე იმიტომ, რომ თავდებში მიდგებიან პარლამენტის წევრები და მათ ეჩქარებათ პარლამენტში, რათა უზენაესის კანდიდატს თავაძეს კითხვები დაუსვან.

ჩანდა მცდელობა, რომ პარლამენტარები ვერ მოხვედრილიყვნენ პარლამენტში და მისი კოლეგა და ალბათ მეგობარი ამით შვებას იგრძნობდა. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მე ამ ადამიანს ვერ აღვიქვამ მოსამართლედ. არ არის ეს ადამიანი მოსამართლე. ეს არ არის სასამართლო და შეუძლებელია სასამართლოს პატივი სცე, ეს არის ხალხი ვინც დაგიჭერს თუკი დაავალებენ, ეს არის ხალხი ვინც გაგათავისუფლებს, თუ დაავალებენ. ამიტომ, თუ ვინმეს ეწყინა ცივი წყალი დალიოს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად