მელაშვილი: “ნაცმოძრაობის” აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობის გამო ხელისუფლების თვითკმაყოფილებაში გადავარდნა შეცდომა იქნება

თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტის ირაკლი მელაშვილის შეფასებით, იმის გამო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზაცებულ აქციაზე ცოტა ხალხი მივიდა, არ ნიშნავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებაში უკმაყოფილება არ არის.

“ის თუ რუსთაველზე რამდენი ხალხი შეკრიბა ნაცმოძრაობამ, არ განაპირობებს არჩევნებზე გაყალბების ფაქტები იყო თუ არა. გირგვლიანის მკვლელობის ამბავს თავიდან რამდენიმე ათეული კაცი ვაპროტესტებდით, მაგრამ ამით ჩვენი სიმართლე არ დაზარალებულა. ამიტომ, მიტინგზე ხალხის შედარებით მცირე რაოდენობა არ ნიშნავს, რომ პრობლემები არჩევნებზე და ამ კუთხით საზოგადოებაში უკმაყოფილება არ არსებობს. ხელისუფლების მხრიდან ასეთი დასკვის გაკეთება და თვითკმაყოფილებაში გადავარდნა დიდი შეცდომა იქნება”, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი მელაშვილი.

მისი თქმით, არჩევნებზე გაყალბების ფაქტების მიუკერძოებელ გამოძიებას რაც უფრო სწრაფად შეუდგება ხელისუფლება მით უკეთესი იქნება მისთვის, ამით ის გაზრდის საკუთარი თავის მიმართ ნდობას.

“რაც უფრო გაწელავს ამ გამოძიებას, მით უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს ოპოზიციას და ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას საქართველოს მოსახლეობაშიც და მის გარეთაც”, – აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

ექსპერტის თქმით, ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, გარდა საარჩევნო სისტემისა.

“საარჩევნო კოდექსს ყოველთვის აპროტესტებდნენ რუსთაველზე მდგარი ოპოზიცია (2001– 2003; 2005-2012 წლები) და იგივე ხალხი როცა მოდიოდა ხელისუფლებაში, აღარ ცვლიდა ამ სისტემას. ოღონდ ვერასდროს ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ამ სისტემით მოპოვებული გამარჯვება ყოველთვის მასვე უწევს დათვურ სამსახურს, ასე იყო ადრე, ასეა ახლაც, როცა ოცნება საერთოდ აცდა რეალობას, მას შემდეგ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 48%-იანი მხარდაჭერის პირობებში უსამართლო საარჩევნო სისტემის წაყლობით საპარლამენტო მანდატების 4/5 აიღო და ჩათვალა, რომ იქნება და იქნება. ახლა ოცნებას ჯერ კიდევ აქვს შანსი ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ თავად მოახდინოს არამარტო ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, არამედ ხმის მიცემის პროცედურის დახვეწის ინიცირება, რათა გამოირიცხოს გაყალბება. ეს უნდა შესათავაზოს მან ოპოზიციასა და საზოგადოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში რაც უფრო დრო გავა, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების სწორი მოთხოვნების იგნორირებით, მათ ჯინაზე მოქმედებით ხელისუფლება საზოგადოების ნდობასა და მხარდაჭერას კიდევ უფრო დაკარგავს, რაც შაპარლამენტო არჩევნებზე მისთვის მძიმე შედეგებით დასრულდება და საარჩევნო სისტემა ისევე ვერ უშველის, როგორც ნაცებს ვერ უშველა 2012 წელს და მანამდე შევარდნაძეს 2003 წელს”, – აღნიშნა ირაკლი მელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...