მეკობრეებმა თურქეთის გემის ეკიპაჟის 15 წევრი მძევლად აიყვანეს, აზერბაიჯანელი მექანიკოსი კი მოკლეს (ვიდეო)

გვინეის ყურეში მეკობრეები ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ თურქული გემს დაესხნენ თავს

ნიგერის პორტ ლაგოსიდან სამხრეთ-აფრიკის დედაქალაქ კეიპტაუნისკენ გასულ, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ სტამბოლის კომპანია Boden Shipping-ის კუთვნილ სატვირთო ხომალდ „მოცარტს”, ნიგერიის ყურეში, კუნძულოვან სახელმწიფო სან-ტომე და პრინსიპის დედაქალაქ სან-ტომედან დაახლოებით 180 კმ-ში, ნიგერიელი მეკობრეები დაესხნენ თავს.

მეკობრეებმა ეკიპაჟის 19 წევრიდან 15 მძევლად აიყვანეს, ერთი კი მოკლეს. ეკიპაჟის წევრი ფარმან ისმაილოვი, რომელიც მეკობრებმა მოკლეს, ეროვნებით აზერბაიჯანელია და გემზე მექანიკოსად მუშაობდა. ეკიპაჟის ყველა დანარჩენი წევრი თურქია.

თურქული მედიის ცნობით, პირატებმა გემზე ეკიპაჟის სამი წევრი დატოვეს და გაუშვეს. მათგან ერთმა, ეკიპაჟის ერთ-ერთმა კაპიტანმა ფურკან იარენმა თურქეთთან დაკავშირება შეძლო და საუბრის დროს აღნიშნა, რომ მეკობრეებმა გემზე თითქმის სრულად გაანადგურეს სანავიგაციო მოწყობილობა და მას ხომალდი პრაქტიკულად ბრმად მიჰყავს.

„მე ბრმად მივცურავ. მათ ყველა კაბელი გადაჭრეს, არაფერი არ მუშაობს, მუშაობს მხოლოდ რადარი. მათ მომცეს მარშრუტი და მე მიმყავს გემი მათი მოცემული მარტშრუტით”, – იტყობინება ფურკან იარენი.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტი ორჯერ ესაუბრა ტელეფონით იარენს.

ერდოღანი აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალ სიტუაციას და მისცა დავალება შესაბამის სამსახურებს, მიიღონ ზომები ეკიპაჟის გატაცებული წევრების გადასარჩენად.

ვარაუდობენ, რომ გემი გაბონის ქალაქ პორტ-ჟანტილში თურქეთის დროით 09:00 საათისთვის შევა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაურეკა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს, მიუსამძიმრა მას და უთხრა, რომ დაუყოვნებლივ, გემი პორტში შესვლისთანავე, შეუდგებიან ცხედრის აზერბაიჯანში გადასვენების სამუშაოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად