“მეიჯარეებს 2014 წლის 1 იანვარმდე სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გადაუხდელი თანხები ეპატიებათ”

"მეიჯარეებს 2014 წლის 1-ელ იანვრამდე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებით გადაუხდელი თანხები ეპატიებათ",- ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

ეკონომისკის მინისტრის განმარტებით, პირველი ცვლილება 11 მილიონ ლარს შეეხება, ხოლო მეორე შემთხვევაში კი 5 მილიონ 700 ათასი ლარის პატიებაზეა საუბარი.
მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილებების პროექტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

''მთავრობას დღეს წარვუდგინეთ ''სახელმწიფო ქონების შესახებ'' კანონში ცვლილებები, რომლებიც გარდამავალ დებულებებში შედის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს შეეხება. ეს არის ის მიწები, რომლებიც 1992-2005 წლებში იყო გაცემული იჯარით და რომლებზეც, სამწუხაროდ, ვერ ხდებოდა ნორმალური ადმინისტრირება. ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებით გადაუხდელი თანხები ეპატიებათ მეიჯარეებს. ასევე ეპატიებათ ის პირგასამტეხლოც, რომელიც ამ პერიოდში დაერიცხათ'',- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება 8000-მდე ბენეფიციარს შეეხება. ''რაც შეეხება პროცედურას, აღნიშნულმა პირებმა აუცილებლად უნდა მომართონ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, იმისთვის რომ ეს პატიება განხორციელდეს. ჯამურად, რასაც ჩვენ ვითვლით, აღნიშნული ცვლილება შეეხება 8000-მდე ბენეფიციარს. ამ გადაწყვეტილებამ ჩვენ ერთის მხრივ უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებს, ფერმერებს, გლეხებს დარიცხული ჯარიმები, რომლის ადმინისტრირებასაც არავინ აკეთებდა და რეალურად ამ ხალხს არავინ ეუბნებოდა, რომ მათ ეს ფული ჰქონდათ გადასახდელი, ეპატიოთ და მეორე მხრივ, ჩვენ ვაწესრიგებთ ურთიერთობას გლეხებთან'', -განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებითაც.

''აქაც პრაქტიკულად იგივე მიმართულებით წავედით – 2005-2007 წლებში იყო გაცემული გარკვეული რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა პირდაპირი განკარგვის ფორმით. შესაბამისად, აქაც, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე დაკისრებული პირგასამტეხლო და გადასახდელი ქირა ეპატიებათ, თუ ისინი წარმოადგენენ განაცხადებს'',- განაცხადა ქუმსიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...