მეღვინეობის მუნიციპალიტეტში, ვენახების კადასტრი მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ვენახების კადასტრი აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამა, ვენახების ფართობების აღრიცხვას, მევენახეთა რეგისტრაციას და პასპორტიზაციას, სპეციფიკური ზონების საზღვრების დაზუსტებას, მევენახეთა და მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის სუბიექტების საანკეტო მონაცემების და ვენახებში გაშენებული ვაზის ჯიშობრივი შემადგენლობისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას მოიცავს.

“ვფიქრობ, მნიშვნელოვან ეტაპზეა დღეს გურჯაანი, როგორც მეღვინეობა-მევენახეობის მუნიციპალიტეტი და მისი სწორედ, ამ მიმართულებით განვითარებისთვის, წლიდან წლამდე, უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს, როგორც მთავრობა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, თითოეული პროცესის სწორი მართვა, რომელიც მომავალში კომპლექსურ შედეგს მოუტანს მუნიციპალიტეტს, მაგალითად ისეთის როგორიცაა ტურისტების მზარდი რაოდენობა, მარნების რეაბილიტაცია და ახლების მშენებლობა, შატოებისა და ღვინის ქარხნების მშენებლობა, ფესტივალებისა თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა ფორუმებისა და კონფერენციების მოწყობა. ეს ყველაფერი, თავის მხრივ უზრუნველყოფს სფეროთი დაინტერესული ადამიანების ცოდნის გაღრმავებას, რისი მოთხოვნაც და საჭიროებაც დღეს ნამდვილად არსებობს. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასეთი აქტიური მუშაობისთვის და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, პროექტის „საქართველოს ვენახების კადასტრი“ განხორციელებისთვის, რომელიც გურჯაანში მეორე წელია აქტიურად მიმდინარეობს”, – აღნიშნა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

ამ დროისთის გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მევენახეებს 6 ლოკაციაზე: ქალაქ გურჯაანის, ველისციხის, ვაზისუბნის, კალაურის, ვაჩნაძიანისა და ახაშნის ადმინისტრაციული შენობებში შეუძლიათ აიღონ კადასტრის ცნობა, რის საფუძველზე შეძლებენ მიკროზონის ყურძნის ჩაბარებას.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტში, აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, რომელშიც აქტიურადაა ჩართული როგორც მერია, ასევე, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობები. სწორედ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობაა ძალიან მნიშვნელოვანი, პროცესის წარმატებით წარმართვისათვის. მოვუწოდებ მევენახეებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ დაურეგისტრირებიათ საკუთარი ვენახები კადასტრის ბაზაში, დროულად მიაკითხონ ოპერატორებს ადმინისტრაციულ ერთეულებში. ეს პროცედურა უფასოა და მხოლოდ ნახევარს საათს მოითხოვს,“ – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კადასტრის სისტემა საქართველოში აქამდე არ არსებობდა. სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს ვენახების პროგრამის“ განხორციელება, რომელიც ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული, გურჯაანში გასული წლიდან დაიწყო. მიმდინარე წელს კი, აღნიშნული პროგრამა მოიცავს ვენახების კადასტრს ქალაქ გურჯაანიდან სოფელ კახიფარის ჩათვლით.
ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...