მეეზოვე, რომელიც ბავშვებს ეხმარება: “ვერ ვნახე ქალი, რომელიც გვერდში დამიდგება”

მეეზოვე ილია ჩოხელი, რომელიც მზრუნველობამოკლებულ 13 ბავშვს ეხმარებოდა და დღეს 8 ბავშვს საკუთარ ხელფასს უნაწილებს, საკუთარი ცხოვრების შესახებ "აიპრესთან" ინტერვიუში ყვება. 

38 წლის ილია ჩოხელი "თბილსერვის ჯგუფის" სამგორის რაიონის სპეც თანამშრომელია. მას საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს გავლილი. ილია 16 წლამდე ბავშვთა სახლში იზრდებოდა. 16 წლის როგორც კი შესრულდა, ქუჩაში აღმოჩნდა. 2 წელი ქუჩა-ქუჩა სამსახურს და თავშესაფარს ეძებდა. ამ პერიოდში ილია მოინათლა და ცხოვრება სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში განაგრძო, სადაც ხელობას დაეუფლა.

წლების შემდეგ თბილისში ბინა იქირავა და მზრუნველობა მოკლებულ 13 ბავშვზე პატრონობა იკისრა. ბავშვები მასთან ნაქირავებ ბინაში ჰყავდა, მაგრამ იმის გამო, რომ მეუღლე არ ყავდა და არც სათანადო პირობები ჰქონდა, ბავშვები ჩამოართვეს.

რატომ გადაწყვიტეთ ბავშვების დახმარება?

ინტერნატში გავიზარდე, ყველანაირად მოკლებულები ვიყავით ყურადღებას. გვიჭირდა და ერთმანეთის მიმართ არც ვიცოდით პატივისცემა. ახლა იმიტომ გადავწყვიტე ბავშვების დახმარება, რომ როდესაც მოკლებული არის ბავშვი ყურადღებას, ვიღაცამ უნდა იზრუნოს მასზე.

მე იმიტომ გადავწყვიტე, რომ მე თვითონ გამომიცდილი მაქვს ეს პერიოდი და ვიცი, რამდენად რთულია ასეთი ცხოვრება.

როგორც ვიცით, თქვენ ამ 13 ბავშვზე ზრუნავდით, თუმცა მოგვიანებით სახელმწიფომ ჩამოგაშორათ ამ ბავშვებს. რატომ?

სახელმწიფომ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ კანონის ირღვეოდა. ეს ბავშვები სახელმწიფოს უნდა გადაეცესო, ამ ბავშვებს ჰყავთ დედები. უბრალოდ ისეთი რამ არის, რომ დედებს არ სურდათ გამოჩენა. ჩავთვალოთ უკანონოდ ვეხმარეობდი და ეს დახმარება დღესაც უკანონოდ ხდება.

ამ 13 ბავშვიდან სახელმწიფომ 5 ბავშვი წაიყვანა, მათზე მშობლებმა უარი თქვეს! დანარჩენი ბავშვები ჩემთან არიან, არიან ოჯახებში, სადაც ყურადღებას აქცევენ.

კონკრეტულად სად იმყოფებიან ეს ბავშვები?

ბავშვების ნაწილი ფიზიკურად ოჯახებშია… დანარჩენი 5 ბავშვი სახელმწიფომ წაიყვანა. უბრალოდ მქონდა ნაქირავები მიწა და იქ არიან.

როგორ ახერხებთ ამდენ ბავშვზე თქვენი ხელფასის განაწილებას?

დღემდე ამას ვაკეთებ მეგობრების დახმარებით. ხელფასიდან, შემოსავლიდან ვიკლებ და ვაძლევ ამ ბავშვებს.

აპირებთ თუ არა დაოჯახებას?

არა, როცა ასეთ საქმეს აკეთებ, ძალაუნებურად მერე ამ ბავშვებს ყველა მოწყდება და არავინ დამიდგება გვერდით. ვერ ვნახე ასეთი ადამიანი, რომელიც გვერდზე დამიდგება, გამიწევს თანადგომას ამ საქმეში.

 

 

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად