მედიატურნირი “ბაჩოს თასი” და სპორტული ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიალი 7 ივლისს გაიმართება

ხვალ, თბილისის ოლიმპიური სასახლე, მედიაფესტივალს – "ბაჩოს თასი 2017" უმასპინძლებს.

სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული ტურნირი მეექვსედ ჩატარდება.

მედიაფესტივალი 2010 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა სპორტული ჟურნალისტის ბაჩო სვანიძის სახელს ატარებს.

ღონისძიება სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით ტარდება, ფესტივალის მხარდამჭერები კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ფეხბურთის და კალათბურთის ფედერაციები არიან.

წლევანდელი ფესტივალის სპორტული პროგრამა ვაჟთა შორის საფეხბურთო და საკალათბურთო (3X3) ტურნირებს მოიცავს, ასევე გოგონათა საფეხბურთო მატჩს. ბაჩოს თასი 2017-ის ეგიდით გაიმართება ამხანაგური შეხვედრა მინიფეხბურთში ქართველ და 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს შორის.

ფესტივალის გამარჯვებულებს და პრიზიორებს ბაჩო სვანიძის სახელობის თასები და მედლები გადაეცემათ. საფეხბურთო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ალეკო ჯიბლაძის სახელობის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

სპორტული პროგრამის დასრულების შემდეგ, 20 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოველწლიური პრემიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...