მედია: თურქეთში, სასტუმროების მეპატრონეები ფასების გაზრდას გეგმავენ

თურქეთში სასტუმროების მეპატრონეები 2015-2016 წლებში არსებული კრიზისის დასაძლევად, ზარალის ანაზღაურებისთვის მომდევნო წლებში ფასების ზრდას გააგრძელებენ,-ინფორმაციას გამოცემა Haberler-ი თურქეთში სასტუმროების ფედერაციის (TUROFED) პრეზიდენტ ბასქანი ოსმან აიკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

”2015-2016 წლებში არსებული კრიზისის გამო, თურქეთში ტურიზმის სექტორმა 50 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. შემცირდა ტურისტების რაოდენობა, ხოლო სასტუმროს მფლობელები მოთხოვნის სტიმულირებისთვის იძულებულნი გახდნენ, რომ ფასები შეემცირებინათ”, – განაცხადა მან.

აიკის შეფასებით, ბოლო წლებში თურქეთში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგებია.

”უკვე 2017 წელს შევძელით 2015-2016 წლების კრიზისის გადალახვა, თურქეთში არსებული სასტუმროების მიერ შემოთავაზებულმა ინკლუზიურმა სისტემამ ტურისტებში პოპულარობა მოიპოვა. ახლა უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და გავზარდოთ ფასები. ამ შემთხვევაში, 2023 წლისთვის ჩვენ შეგვეძლება 75 მილიონი ტურისტისა და 65 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლის მიღება”, – თქვა მან და დასძინა, რომ თურქეთში სასტუმროებში მოსასვენებელი  ადგილების რაოდენობა გაიზარდა.

მისი თქმით, უცხოელი ტურისტები საშუალოდ 600 დოლარს ხარჯავენ თურქეთში მოგზაურობისას, რაც საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია. მან აღნიშნა, რომ ტურისტების დაახლოებით 60% ანტალიაში მიდის და ხელისუფლების ამოცანა სხვა რეგიონებში ტურისტების მოზიდვაა.

აიკი მიიჩნევს, რომ თურქეთს შეუძლია სტუმრებს არა მხოლოდ სანაპიროზე დასვენება, არამედ მდიდარი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობა და ბუნებრივი სილამაზე შესთავაზოს.

თურქეთში ტურისტული ნაკადი 2015-2016 წლებში მკვეთრად დაეცა. მიზეზი ტერორისტული თავდასხმები და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაუარესება იყო, რის გამოც ჩარტერული რეისები დროებით აიკრძალა. რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის ჩარტერული ავიარეისები 2016 წლის სექტემბერში აღდგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად